თომას ბახი პეკინი-2022-ის პოლიტიზების წინააღმდეგია

10 მაისი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელთან, სი ცზინპინთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ IOC ოლიმპიური მოძრაობის პოლიტიზების წინააღმდეგია. მისი თქმით, IOC ჩინეთს ყველანაირად დაეხმარება პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებაში.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიური მოძრაობის პოლიტიზების წინააღმდეგ გამოდის, მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ჩინურ მხარესთან და ოლიმპიური თამაშების ვადებში ჩასატარებლად ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს ჩინეთს," - ამბობს თომას ბახი.

IOC-ის პრეზიდენტმა ასევე რწმენა გამოთქვა, რომ პეკინის თამაშები კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მაგალითი გახდება.

ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის მოკავშირეებთან პეკინი-2022-ის ბოიკოტირების იდეა განიხილოს. მიზეზად კი ჩინეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს ასახელებდა.

მოგვიანებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის პეკინი-2022-ის ბოიკოტირების საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას.

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები  2022 წლის 4-20 თებერვალს გაიმართება.