ტოკიო-2020-ის საგზური 7800-ზე მეტ ათლეტს აქვს მოპოვებული

13 მაისი 2021

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ორ თვეზე ცოტა მეტი რჩება, მასში მონაწილეობის უფლება კი ჯერჯერობით 7800-ზე მეტ ათლეტს აქვს მოპოვებული, რაც ოლიმპიელთა საერთო რაოდენობის 70 პროცენტს უდრის.

COVID-19-ის პანდემიით დაწესებული მკაცრის შეზღუდვების მიუხედავად, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების ძალისხმევით, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, შესაძლებელი გახდა ხუთივე კონტინენტზე 260-ზე მეტი მსხვილი სპორტული ღონისძიების ჩატარება.

„7800-ზე მეტმა ათლეტმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა, განაწილდა კვოტების 70 პროცენტი, - განმარტავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომუნიკაციათა დირექტორი მარკ ადამსი, - სპორტის ბევრ სახეობაში საკვალიფიკაციო ასპარეზობები დასრულდა. დარჩენილი 20 პროცენტი რეიტინგების გათვალისწინებით განაწილდება, 10 პროცენტი - შეჯიბრებებით. ბოლო ვადა 29 ივნისია."

საკვალიფიკაციო შეჯიბრებები დასრულდა  ფეხბურთში, ხელბურთში, ბალახის ჰოკეიში, მეკლდეურობაში, ფრენბურთში, წყალბურთში, ჭიდაობაში, წყალში ხტომაში, ცხენოსნობაში, ველოსპორტში (სატრეკო და საგზატკეცილო რბოლა).

ოფიალურად დადასტურებულია, რომ  ოლიმპიური ლიცენზია მოპოვებული აქვს 12 ქართველ სპორტსმენს ტყვიის სროლაში, ჭიდაობაში,  მძლეოსნობაში, კრივში და ფარიკაობაში. მიმდინარე რეიტინგის და სპორტული შედეგების მიხედვით, ახლო მომავალში ქართველ ოლიმპიურ ლიცენზიანტთა რიგებს შემოუერთდებიან ძალოსნობის, ძიუდოს, ჩოგბურთის, ტანვარჯიშის, კარატეს, ცურვის  და კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობის წარმომადგენლები.