ტოკიოს ოლიმპიური სოფლის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი კორონავირუსზე აცრილი იქნება

15 მაისი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) კომუნიკაციათა დირექტორის, მარკ ადამსის თქმით, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებისას ოლიმპიური სოფლის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილი COVID-19-ზე იქნება აცრილი.

„გულმოდგინედ ვმუშაობთ იმაზე, რათა რაც შეიძლება ათლეტთა დიდ ნაწილს ვაქცინაციის პროცედურის ჩატარებაში დავეხმაროთ. ზუსტი ციფრის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ოლიმპიური სოფლის მაცხოვრებელთა უმეტესობა ვაქცინირებული იქნება," - განმარტავს მარკ ადამსი.

ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა და  მისმა გერმანულმა პარტნიორმა BioNTech-მა რამდენიმე დღის წინ IOC-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რაც ტოკიოს თამაშების მონაწილეთათვის კორონავირუსზე ასაცრელი ვაქცინის მიწოდებას ითვალისწინებს.

COVID-19-ის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადებული ტოკიოს ოლიმპიური თამაშები წლეულს 23 ივლისს გაიხსნება.