სპორტის მენეჯმენტის კურსების მეორე სემინარი

19 მაისი 2021

18 მაისს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მენეჯმენტის პროგრამების ფარგლებში ჩატარდა სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების მე-2 სემინარი.

კურსების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. მან ყურადღება გაამახვილა მენეჯმენტის საკითხების მნიშვნელობაზე სპორტის ეროვნული ფედერაციებისა და სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების წარმატებულ საქმიანობაში.

სემინარის პირველი ნაწილი დაეთმო მონაწილეთა მიერ შედგენილი ტესტების განხილვას.

მონაწილეებმა მოისმინეს პრეზენტაციები სტრატეგიული მართვის, ადამიანური რესურსების მენეჯმენტის და მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების ორგანიზების დეტალებზე.

სპორტის ადმინისტრატორებმა, მწვრთნელებმა, მოხალისეებმა და სხვადასხვა სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია და გამოცდილება მათი სპორტულ ორგანიზაციებში არსებული ვითარების შესახებ.

მენეჯმენტის კურსების მონაწილეები შემდეგ შეხვედრაზე წარმოადგენენ მომზადებულ თემებს და ინფორმაციას მათი სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

მენეჯმენტის კურსები მიმდინარეობს სოკ-ის მიერ გამოცემული „ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის" („Managing Olympic Sport Organizations- MOSO") სახელმძღვანელოში მოცემული მასალის გამოყენებით, რომელიც მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ოლიმპიური და სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას მენეჯმენტის სფეროში.

აღნიშნული კურსების მონაწილეები გააგრძელებენ მუშაობას მათ მიერ შერჩეულ თეზისებზე, შეასრულებენ კურსების ფორმატით გათვალისწინებულ სავარჯიშოებს, ხოლო ოლიმპიური კომიტეტი ASMC -ის პროგრამის ფარგლებში დამუშავებულ თემებს წარუდგენს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.

წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან დიპლომით ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციის მართვაში.