მესამე ევროპული თამაშების პროგრამაში 3x3-ზე კალათბურთიც იქნება

19 მაისი 2021

ევროპის ოლიმპიური კომიტეტები(EOC) და კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია  (FIBA) შეთანხმდნენ, რომ როგორც 2015 და 2019 წლებში, 3x3-ზე კალათბურთი კვლავ იქნება მომდევნო, მესამე ევროპული თამაშების პროგრამაში. ეს კონტინენტური მულტისპორტული შეჯიბრება გაიმართება 2023 წელს, პოლონეთში,  მალოპოლსკის სავოევოდოსა და კრაკოვში.

შეთანხმების თანახმად, მესამე ევროპულ თამაშებზე 3x3-ზე კალათბურთში მედლებისთვის კაცთა16  და ამდენივე ქალთა ნაკრები იბრძოლებს. ცოტა ხნით ადრე, ევროპის მთავარი მულტისპორტული ასპარეზობის პროგრამაში შევიდა ბადმინტონი, თანამედროვე ხუთჭიდი, ტაეკვონდო, სანიჩბოსნო სლალომი, კარატე, ქვიშის ხელბურთი, კრივი, მშვილდოსნობა, ტაილანდური კრივი, ტყვიის სროლა, ტრიატლონი, მეკლდეურობა, BMX ფრისტაილი და მაუნთინბაიკი.

მესამე ევროპულ თამაშებზე ასევე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ჭიდაობა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, ბრეიკ დანსი, კანოე და კაიაკი, ფარიკაობა, ტანვარჯიში, ძიუდო, სამთო რბენა, 7-კაცა რაგბი, ტრამპლინიდან ხტომა, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი (ქვიშის და კლასიკური).

აღსანიშნავია, რომ რიგ სახეობებში გათამაშდება პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების  ლიცენზიები და სარეიტინგო ქულები.