თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულეს

20 მაისი 2021

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის სკოპიეს 23 - წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სამი მედლით დასრულდა. ყველაზე წარმატებული გამოდგა 61 კილოგრამი  წონითი კატეგორია, სადაც თეიმურაზ ვანიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

მომავალმა ჩემპიონმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე ბულგარელი, მოლდაველი  და გერმანელი მოწინააღმდეგეები ისე დაამარცხა, რომ ქულა არ დაუთმია, გადამწყვეტ შეხვედრაში კი სომეხ რაზმიკ პაპიკიანს 6-1 გაუმკლავდა.

ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს რამაზ თურმანიძემ (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (74 კგ).

თურმანიძე ჭიდაობას მეოთხედფინალიდან  შეუდგა და მომავალ ჩემპიონთან, რუსეთის წარმომადგენელ ახმედ იდრისოვთან უშანსოდ - 2-13 დამარცხდა. ფინალისტთან წაგებამ თურმანიძეს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მისცა, რაც უკრაინის წარმომადგენელ კამილ კარიმოვთან შეხვედრაში გამოიყენა კიდეც. ქართველმა ფალავანმა მეტოქეს 5-3 მოიგო.

გამყრელიძე ასპარეზობას მერვედფინალიდან  შეუდგა. დაამარცხა ბელარუსის და  პოლონეთის წარმომადგენელი, მაგრამ ნახევარფინალში რუსეთის გუნდის წევრთან წააგო და მესამე ადგილისთვის ბრძოლა გააგრძელა. ქართველს მეტოქედ აზერბაიჯანელი აშრაფ აშიროვი ერგო, რომელსაც 3-1 მოუგო.