საპატიო ევროპელი სტუმარი სეოკ-ში

20 მაისი 2021

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დანიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ნილს ნიგაარდის შეხვედრა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.

ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა ნილს ნიგაარდს საქართველოში სტუმრობისთვის, EOC -ის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოებისთვის, მიაწოდა ინფორმაცია ქართველ სპორტსმენთა ოლიმპიურ სამზადისზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და სხვადასხვა ღონისძიებებზე.

„პანდემიის მიუხედავად, ევროპის ოლიმპიური კომიტეტები აქტიურად საქმიანობდა, დაფინანსდა ყველა პროგრამა, არ მოგვკლებია  EOC -ის ხელმძღვანელთა ყურადღება, რისთვისაც გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ. ჩვენ განსაკუთრებული გულისხმიერებით ვეკიდებით საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებთან, პირველ რიგში კი - საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან და ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებთან თანამშრომლობას, ვმონაწილეობთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში, გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები. ჩვენი რამდენიმე წარმომადგენელი ჩართულია ევროპული კომისიების მუშაობაში. იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წელს საქართველოში, კერძოდ კი ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი უნდა ჩატარდეს, ჩვენი თანამშრომლობა უფრო აქტიური გახდება. ვიცით, რომ დიდი სამუშაოები მოგველის, მაგრამ მჯერა, ერთობლივად თავს გავართმევთ ყველა გამოწვევას. მით უმეტეს, მხარში გვიდგას საქართველოს მთავრობა,  - განაცხადა ლერი ხაბელოვმა. სეოკ-ის პრეზიდენტი და სხვა ხელმძღვანელები დაინტერესდნენ EOC-ის ახალი ინიციატივებით, ევროპული ოლიმპიური შეჯიბრებების პერსპექტივით, მესამე ევროპული თამაშების პროგრამაში შესატანი ცვლილებებით.

 ეს ჩემი მესამე ვიზიტია საქართველოში, ქვეყანაში, რომელსაც დიდი სპორტული ტრადიციები აქვს. ამჯერად ჩამოვედი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წინ, პანდემიის პირობებში ვითარების ადგილზე გასაცნობად, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების სამომავლო გეგმების გასაზიარებლად და თქვენი მოსაზრებების მოსასმენად. ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, კიდევ უფრო გავაფართოოთ  ოლიმპიური მოძრაობა, გავაძლიეროთ სპორტის როლი საზოგადოებაში, ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ ევროპული ოლიმპიური შეჯიბრებები - უპირველესად, ახალგაზდრული ოლიმპიური ფესტივალები და ევროპული თამაშები. ამ საქმეში მნიშვნელოვანია თქვენი კომიტეტის როლი, როგორც ჩვენი ოლიმპიური ოჯახის აქტიური წევრისა" -აღნიშნა ნილს ნიგაარდმა. მან გაიხსენა თბილისში 2015 წელს მაღალ დონეზე ჩატარებული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი და გამოთქვა რწმენა, რომ ასევე წარმატებული იქნება ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიც, რომელსაც 2025 წელს ბაკურიანმა უნდა უმასპინძლოს.