IOC მზად არის ტოკიო-2020-ს დამატებითი სამედიცინო პერსონალით დაეხმაროს

25 მაისი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, თომას ბახის განცხადებით, IOC მზად არის, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, სპორტულ ღონისძიებებზე მომუშავე იაპონელი ექიმების დასახმარებლად დამატებითი სამედიცინო პერსონალის გასაგზავნად.

„საორგანიზაციო კომიტეტს ვუთხარით, რომ მზად ვართ დამატებითი სამედიცინო პერსონალის გასაგზავნად," - აღნიშნავს თომას ბახი.

IOC-ის პრეზიდენტმა ასევე მაღალი შეფასება მისცა თამაშებისთვის იაპონელთა სამზადისს. ბახი ხაზს უსვამს, რომ ყველა სატესტო შეჯიბრებაზე, რომელიც თამაშების წინ იაპონიაში ტარდება, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო უსაფრთხოების პროტოკოლი  იდეალურად არის დაცული.

„ეს ოლიმპიური თამაშები შესაძლებელი გახდება იაპონელთა წარმოუდგენელი სულისკვეთებისა და სიმტკიცის წყალობით," - დასძენს ბახი.

IOC-ში მიიჩნევენ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები უსაფრთხო იქნება ყველასთვის, მათ შორის, მონაწილეებისთვის და რიგითი იაპონელებისთვის.

„ნათელია, რომ ეს თამაშები უსაფრთხო იქნება თითოეული მისი მონაწილისთვის, განსაკუთრებით კი იაპონელი ხალხისთვის," - განმარტავს IOC-ის ვიცე-პრეზიდენტი და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელი ჯონ კოუტსი.