მესამე ევროპული თამაშების პროგრამა ტექბოლით შეივსო

01 ივნისი 2021

ევროპის ოლიმპიური კომიტეტები (EOC) კრაკოვის მესამე ევროპული თამაშების პროგრამას აფართოებს. ამჯერად თამაშების ოფიციალურ პროგრამას ტექბოლი შეემატა.

ტექბოლი, რომელიც ფეხბურთის და მაგიდის ჩოგბურთის ერთგვარი ჰიბრიდული და მზარდი სახეობაა, ევროპულის თამაშების ახალი დისციპლინა გახდა, სადაც მედლები გათამაშდება, როგორც ქალთა და კაცთა პირად და გუნდურ ტურნირებში, ასევე - შერეულ წყვილებში.

EOC-ის წარმომადგენელთა თქმით, ტექბოლის დამატება მულტისპორტულ ასპარეზობათა პროგრამას უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის და ახალგაზრდებსაც მოიზიდავს.

ტექბოლის საერთაშორისო ფედერაციის (FITEQ) პრეზიდენტის  გაბორ ბორსანის თქმით, ევროპაში ჩასახულ სპორტის ამ სახეობას ისტორიული დღე უდგას: „დიდი პატივია გახდე ყველაზე პრესტიჟული სპორტული მოვლენის ნაწილი. მადლობელი ვართ EOC-ის, პოლონეთის ოლიმპიური კომიტეტის და მესამე ევროპული თამაშების ორგანიზატორების. ტექბოლი ორიენტირებულია ახალგაზრდებზე და გენდერულ თანასწორობაზე, რაც აამაღლებს მულტისპორტული ფორუმის ღირებულებას."

ცოტა ხნით ადრე ევროპის მთავარი მულტისპორტული ასპარეზობის პროგრამაში შევიდა 3X3 კალათბურთი, ბადმინტონი, თანამედროვე ხუთჭიდი, ტაეკვონდო, სანიჩბოსნო სლალომი, კარატე, ქვიშის ხელბურთი, კრივი, მშვილდოსნობა, ტაილანდური კრივი, ტყვიის სროლა, ტრიატლონი, მეკლდეურობა, BMX ფრისტაილი და მაუნთინბაიკი.

მესამე ევროპულ თამაშებზე ასევე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ბრეიკ დანსი, კანოე და კაიაკი, ფარიკაობა, ტანვარჯიში, ძიუდო, სამთო რბენა, 7-კაცა რაგბი, ტრამპლინიდან ხტომა, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი (ქვიშის და კლასიკური), ჭიდაობა, ძალოსნობა, მძლეოსნობა.

აღსანიშნავია, რომ ევროპულ თამაშებზე რიგ  სახეობებში პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიები და სარეიტინგო ქულები გათამაშდება.