ტოკიოში კვარცხლბეკი, უნიფორმა და მუსიკა წარმოადგინეს

05 ივნისი 2021

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნამდე 50 დღით ადრე, მასპინძლებმა გამარჯვებულთა და პრიზიორთა დასაჯილდოებლად კვარცხლბეკი წარმოადგინეს, ასევე მედლების გადაცემის ცერემონიისთვის მუსიკალური გაფორმება და მათში მონაწილე მოხალისეთა კოსტიუმები.

„მოციგურავის და ველომრბოლის კარიერის განმავლობაში შვიდ ოლიმპიურ თამაშებზე მივიღე მონაწილეობა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მოვიპოვე მედალი, - იხსენებს ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი სეიკო ჰასიმოტო, - ეს მოხდა 1992 წლის ალბერვილის თამაშებზე. მიუხედავად ამისა, კვარცხლბეკზე ყოფნის მიღებული ემოციები ჩემში დღემდე ცოცხალია.

თამაშები უნდა ჩატარდეს, რათა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ადამიანები სპორტის მეშვეობით კვლავაც გავაერთიანოთ. იცოდეთ, რომ ჩვენ მზად ვართ ამ თამაშებისთვის. ის ყველა მონაწილისთვის და იაპონიის მაცხოვრებლისთვის უსაფრთხოდ ჩაივლის, მაგრამ მხოლოდ მკაცრი პირობის დაცვით."

ისტორიაში პირველად, მედალოსანთათვის განკუთვნილი კვარცხლბეკი გადამუშავებული პლასტიკისგან იქნება დამზადებული, რომელიც იაპონიაში და წყნარი ოკეანის სანაპიროებზე შეგროვდა. ირკვევა, რომ საამისოდ მოსახლეობის მიერ დაახლოებით 45 ტონა ნარჩენი შეგროვდა.

დაჯილდოების ცერემონიის მუსიკალური გაფორმების ავტორი არის ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი ნაოკი სატო, რომელსაც არაერთი სერიალისა და ფილმისთვის აქვს დაწერილი მუსიკა.

გარდა ამისა, თამაშების გახსნამდე ტოკიო-2020-ის მასპინძლებმა წარმოადგინეს ტრადიციული და დასავლური დიზაინერული სკოლის კოსტიუმების ერთგვარი ნაზავი, რომლითაც მოხალისეები კვარცხლბეკისკენ გაუძღვებიან ოლიმპიელებს.