პარიზი-2024-ის სამზადისი განიხილეს

06 ივნისი 2021

პარიზი-2024-ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) საკოორდინაციო კომისიის წევრებმა თამაშებისთვის სამზადისი განიხილეს.

ფრანგული მხარის განმარტებით, პარიზის თამაშებისთვის მზადება ოლიმპიური დღის წესრიგი 2020+5-ის თანახმად მიმდინარეობს, რაც კორონავირუსის პანდემია გამოვლილ მსოფლიოსთან 2024 წლის თამაშების ადაპტირებას შეუწყობს ხელს.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო განახლებული ინფორმაცია კლიმატურად დადებით შეჯიბრებათა ორგანიზებაზე. ამისთვის იგეგმება წინა თამაშებთან შედარებით ნახშირორჟანგის გაფრქვევის თითქმის ორჯერ შემცირება, ასევე გრძელვადიანი ეკოლოგიური პროექტის შემუშავება

ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს უკვე არსებული და დროებითი სპორტული ობიექტები, რომელთა ნაწილი პარიზის და მის შემოგარენის ღირსშესანიშნავ ადგილებშია განთავსებული.რაც შეეხება ახალ ობიექტებს, ამ შემთხვევაში სამუშოები მიმდინარეობს ოლიმპიურ სოფელში და საწყლოსნო  სახეობათა ცენტრში.

პარიზი-2024-ის შტაბ-ბინა, რომელიც სენ დენიშია განთავსებული, ექსპლუატაციაში იანვარში შევიდა.

IOC საკოორდინაციო კომისიის წევრებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ საორგანიზაციო კომიტეტში მუშაობს ქალების და კაცების თითქმის თანაბარი რაოდენობა. აღსანიშნია ისიც, რომ პარიზი-2024 გახდება გენდერულად ისტორიაში ყველაზე დაბალანსებული თამაშები.