საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა ტოკიო-2020-ის კიდევ ორი ლიცენზია მოიპოვა

08 ივნისი 2021

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს ოლიმპიელთა ნაკრებში მოკრივეთა წარმომადგენლობა გაიზარდა.

პარიზში, სადაც მოკრივეთა სალიცენზიო ასპარეზობა გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა ტოკიო-2020-ის ორი საგზური დაისაკუთრა. ამისთვის საჭირო იყო მეოთხედფინალში გასვლა,  შემდგომ კი ეგრეთ წოდებულ ბოქს ოფში (box-off) მონაწილეობა. კერძოდ, პარიზულ რინგზე ოლიმპიური საგზურები გათამაშდა უშუალოდ მეოთხედფინალში და მესამე ადგილზე გასულებს შორის შეხვედრაში.

69 კილოგრამ წონით კატეგორიაში სწორედ ასეთი გზის გავლა მოუწია ესკერხან მადიევს, 75 კილოგრამში კი  - გიორგი ხარაბაძეს. ჩვენმა მოკრივეებმა ეს ამოცანა წარმატებით შეასრულეს და ტოკიო-2020-ის საგზურები მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოკრივეთაგან  პირველი ლიცენზია შარშან სახილ ალახვერდოვმა ლონდონის რინგზე მოიპოვა. მაშინ 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალახვერდოვს ოლიმპიური საგზურისთვის მეოთხედფინალში გასვლა სჭირდებოდა. ალახვერდოვმა პროგრამა-მინიმუმი შეასრულა და შემდეგ ეტაპზეც გავიდა, მაგრამ ტურნირის მასპინძლები კორონავირუსის პანდემიის გამო იძულებულნი გახდნენ ასპარეზობა  შეეწყვიტათ და ტურნირი რამდენიმე თვით გადაევადებინათ.

COVID-19-ის პანდემიის გამო ერთი წლით გადავადებული სალიცენზიო ტურნირისთვის ლონდონს წლეულს, აპრილში უნდა ემასპინძლა, მაგრამ მოგვიანებით, ასევე კორონავირუსის პანდემიის გამო, შეჯიბრება პარიზში გადაიტანეს.

საქართველოს მოკრივეთა გუნდი ტოკიოს ოლიმპიურ რინგზე, შესაძლოა, ოთხი მოკრივით იყოს წარმომადგენელი. საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტის დავით წიკლაურის თქმით, მეოთხე ლიცენციის ბედს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიზნობრივი ჯგუფის სპეციალური რეიტინგი განსაზღვრავს, რომელიც უახლოეს ხანებში გამოქვეყნდება. ტოკიოს საგზურის მოპოვების შანსი 50/50-ზე აქვს ლაშა გურულს.

აღსანიშნავია, რომ 1996 წლიდან მოყოლებული, დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით საქართველოდან ოლიმპიურ თამაშებზე 12-მა მოკრივემ იასპარეზა.