ოლიმპიური ჩემპიონი შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონიც გახდა

08 ივნისი 2021

დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონობა უზეიმიათ ირაკლი ცირეკიძეს, ავთანდილ ჭრიკიშვილს, გურამ თუშიშვილს და ლუხუმ ჩხვიმიანს. დღეიდან მათ რიგებს შეემატა ლაშა შავდათუაშვილიც, რომელმაც ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატი დაუმარცხებლად განვლო.

მომავალი ტრიუმფატორი ასპარეზში პირველივე წრიდან ჩაება. დაამარცხა პერუელი, ბრაზილიელი, ისრაელელი, უნგრელი და თურქი მეტოქეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ევროპული თამაშების ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატების სამი ბრინჯაოს მედლის მფლობელი შვედი ტომი მაციასი, ეგრეთ წოდებულ ოქროს ქულაში გადაყვანილ ორთაბრძოლაში სამი გაფრთხილების ხარჯზე დაამარცხა.

ქართველი ძიუდოისტისთვის ბუდაპეშტის ტატამი იღბლიანია - 2013 წელს ევროპის ჩემპიონობა სწორედ უნგრეთის დედაქალაქში მოიპოვა.

გარდა ამისა, შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც მოგებული აქვს ოლიმპიური თამაშები (ლონდონი 2012), მსოფლიო (ბუდაპეშტი, 2021) და ევროპის (ბუდაპეშტი, 2013) ჩემპიონატები. ტიტულიანი ქართველი ძიუდოისტის მედლების კოლექციაში ასევე არის რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი, ევროპის ჩემპიონატების ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი.

და კიდევ, ქართველი მსაჯი ვლადიმერ ნუცუბიძე, რომელიც მსოფლიო რეიტინგის ლიდერია, ბუდაპეშტში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) სამსაჯო ოქროს მედლით დააჯილდოვეს.