ტატო გრიგალაშვილს მსოფლიო ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა

09 ივნისი 2021

ბუდაპეშტში ძიუდოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მედალი მოიპოვა.

81 კილოგრამ წონითი კატეგორიის ლიდერმა, ევროპის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წინ ერთგვარი გენერალური რეპეტიცია ვერცხლის მედლით დაასრულა.

მომავალი ფინალისტი ასპარეზში მეორე წრიდან ჩაება. დაამარცხა კორეელი, შვედი, ბერძენი, ბელგიელი და ნიდერლანდელი მეტოქეები, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც ოქროს ქულამდე გაგრძელდა, მსოფლიო რეიტინგის ლიდერთან, ევროპული თამაშების ჩემპიონთან, ბელგიელ მათიას კასესთან დამარცხდა.

ამავე წონაში იასპარეზა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ლუკა მაისურაძემ, მაგრამ ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა.

ერთი დღით ადრე, მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ).