EOC-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს - სპიროს კაპრალოსი

11 ივნისი 2021

ათენში მიმდინარე ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) საიუბილეო 50-ე გენერალურ ასამბლეაზე პირველი სამუშაო დღის მთავარი საკითხი EOC-ის პრეზიდენტის და აღმასკომის წევრების არჩევნები იყო.

პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძოდა - საბერძნეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი სპიროს კაპრალოსი და დანიის ეოკ-ის ხელმძღვანელი, EOC-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნილს ნიგარდი.

კენჭისყრაში 50 დელეგატი მონაწილეობდა.  კაპრალოსმა 34 ხმა მიიღო, ნიგარდმა - 16.

„მადლობა კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის, - განაცხადა EOC-ის მე-9 პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა, - ევროპის ოლიმპიური კომიტეტების მომავლისთვის დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. ბევრის გაკეთება მოგვიწევს, ახალ გამოწვევებს უნდა შევეჭიდოთ. ამიტომაც ერთად უნდა ვიმოქმედოთ, დავეხმაროთ ქვეყნებს, რომლებიც ამას საჭიროებენ, ასევე მხარში უნდა ამოვუდგეთ მომავალი ზაფხულის და ზამთრის ახალგაზრდული ევროპური ფესტივალების და ევროპული თამაშების მასპინძლებს. რაც შეეხება ჩვენს მთავარ ტურნირს - ევროპულ თამაშებს, რომელსაც 2023 წელს პოლონეთი მიიღებს, ეჭვიც არ მეპარება, რომ ის მეტად წარმატებული იქნება."

ასამბლეაზე გენერალური მდივნის თანამდებობაზე 33 ხმით ხელახალი ვადით აირჩიეს იტალიელი რაფაელე პანოცი. ასევე აირჩიეს EOC-ის აღმასკომი 16 წევრის შემადგენლობით.