ლიპარტელიანმა და სულამანიძემ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

11 ივნისი 2021

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მიერ მოპოვებულ თითო ოქროს და ვერცხლის მედალს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთბაშად ორი ბრინჯაოს მედალი შეემატა.

მომავალმა მედალოსნებმა - ვარლამ ლიპარტელიანმა და ილია სულამანიძემ კვარცხლბეკამდე ერთნაირი გზა განვლეს. ორივე მეოთხედფინალში დამარცხდა, წარმატებას კი რეპეშაჟში მიაღწიეს.

ნაკრების ყველაზე გამოცდილი წევრი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატების სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს, ასევე ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი ვარლამ ლიპარტელიანი ტურნირში მეორე წრიდან ჩაება. ჯერ ნიდერლანდელი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ -  იაპონელი და ის იყო, სერბ ალექსანდარ  კუკოლისთან ვაზარით დაწინაურების შემდეგ გამარჯვებას ველოდით, რომ მეტოქემ იპონით იმარჯვა.

ლიპარტელიანმა რეპეშაჟში რუსეთის ძიუდოს ფედერაციის სახელით მოასპარეზე არმან ადამიანს „ბრინჯაოს"  ნახევარფინალში მოუგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ნიდერლანდელ მაიკლ კორელს და მსოფლიო პირველობების მესამე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი ილია სულამანიძე პირველივე წრიდან გავიდა ტატამზე. დაამარცხა თურქი, აზერბაიჯანელი და მონღოლი მოწინააღმდეგეები, მეოთხედფინალში კი მომავალ ორგზის ჩემპიონ, პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან დამარცხდა.

სულამანიძემ მედლის მოპოვების ბოლო შანსი ჯერ ბრინჯაოს ნახევარფინალში ფრანგ მეტოქეზე გამარჯვებით გამოიყენა, შემდეგ გადამწყვეტ შეხვედრაშიც საუკეთესო აღმოჩნდა კანადელ შეიდი ელნასთან.

წინა დღეებში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა  ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ).