ტოკიო-2020-ის რეგულაციათა განახლებული სახელმძღვანელო თამაშებიდან დეპორტაციასაც ითვალისწინებს

17 ივნისი 2021

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის საგანგებოდ შედგენილი რეგულაციების განახლებული მესამე ვერსიის თანახმად, იაპონიის მთავრობას, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC), პარალიმპურ ოლიმპიურ კომიტეტს (IPC) შეეძლებათ დისციპლინური სანქციები დააწესონ. ასპარეზობის წესების ან რეგულაციების უხეში დარღვევისთვის სანქციის ერთ-ერთი ფორმა შეიძლება იყოს ათლეტის ან მის თანმხლებ პირთა ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნა ან დეპორტაცია.  

რეგულაციათა განახლებულ სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ წესების დამრღვევი პირი შეიძლება გააფრთხილონ, დროებით ან მთლიანად შეუჩერდეს აკრედიტაცია და გაირიცხოს თამაშებიდან. ასევე გათვალისწინებულია დისკვალიფიკაცია და ფინანსური სანქციები.

„წესების დარღვევა, მათ შორის, ტესტირებაზე უარის თქმა, ისეთი ადგილების სტუმრობა, რომლებიც საქმიანობის წარმოდგენილ გეგმაში არ შედის ან პირბადის გამოყენების ან სოციალური დისტანცირების წესების განზრახ უგულებელყოფა, შეიძლება აისახოს დისციპლინარულ სასჯელში," - განმარტებულია ტოკიო-2020-ის რეგულაციების სახელმძღვანელოში.