ANOC ქვიშის მეორე მსოფლიო თამაშების მასპინძელს ეძებს

17 ივნისი 2021

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაცია (ANOC) COVID-ის პანდემიის გამო 2023 წლისთვის გადატანილი ქვიშის მეორე მსოფლიო თამაშების მასპინძლობის მსურველი ქვეყნის ძებნას შეუდგა.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 50-ე გენერალური ასამბლეის მსვლელობისას, ANOC-ის გენერალურმა მდივანმა გუნილა ლინდბერგმა აღნიშნა, რომ ქვიშის თამაშების მასპინძლობის სურვილი რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა.

თავდაპირველად,  ANOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ ღონისძების მასპინძლობის მსურველ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს აუცილებელი საბუთების 2020 წლის თებერვლამდე მომზადება ურჩია, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, მაშინ პროცესი შეჩერდა.

შედეგად, ქვიშის  მსოფლიო თამაშები 2023 წლის 24-30 სექტემბრისთვის გადაიტანეს.

ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებს 2019 წელს დოჰამ უმასპინძლა. თამაშებში სპორტის 13 სახეობის  14 დისციპლინაში 97 ქვეყნის 1200 ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე საქართველო სპორტის ერთ სახეობაში - ქვიშის ჭიდაობაში 4 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, რომლებმაც 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ქვიშის პირველი მსოფლიო თამაშების ჩემპიონები გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილმა (90 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, მამუკა კორძაიამ  (+90) კი - ბრინჯაოსი.