სასკოლო პროექტის - ,,ოლიმპიზმი სკოლებში" დასკვნითი ღონისძიება სეოკ-ში

18 ივნისი 2021

დღეს საქრთველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სასკოლო  პროექტის-„ოლიმპიზმი სკოლებში" დასკვნითი ღონისძიება.

პროექტი -„ოლიმპიზმი სკოლებში"  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს სპორტის, ფიტნესის და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის პარტნიორია საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო.

აღნიშნული პროექტი ჩატარდა სამი მიმართულებით: სპორტული ვიქტორინა, ნახატების (ფერწერა, გრაფიკა) კონკურსი და პროექტების კონკურსი. პროექტი ჩატარდა სამ ეტაპად : 1. შიდა სასკოლო ფესტივალების (კონკურსები) ორგანიზება და სკოლის მიერ თითო ნახატის, პროექტის შერჩევა, 2. რეგიონების მიხედვით ჟიურის მიერ თითო ნახატის (ფერწერა, გრაფიკა) შერჩევა 3. დასკვნითი ღონისძიება და გამარჯვებული რეგიონების გამოვლენა.

პროექტის მიზანია: მოსწავლე ახალგაზრდებში ოლიმპიზმის პოპულარიზაცია, ოლიმპიური მოძრაობისადმი ინტერესის გაღვივება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება, მოსწავლე ახალგაზრდების ფიზიკურ აქტივობებში და სპორტში მასობრივად ჩართულობის მოტივირება და ხელშეწყობა, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილის ხარისხის გაუმჯობესება, სასწავლო რესურსების შექმნა ოლიმპიზმის თემატიკით და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა.

ღონისძიებაზე  მედლებით, სერტიფიკატებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ 11 რეგიონიდან ფინალურ ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებულები (I-II-III ადგილები), ასევე სპორტულ ვიქტორინაში, ნახატების და პროექტების კონკურსში  გამარჯვებულები და კოორდინატორები.

გამარჯვებულ რეგიონს-თბილისს  გადაეცა გარდამავალი თასი.

ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი.