ტოკიო-2020-ს თამაშებზე მაყურებლებს დაუშვებენ, ოღონდ 50-პროცენტიანი შეზღუდვით

22 ივნისი 2021

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის,  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC), პარალიმპური კომიტეტის (IPC), იაპონიის მთავრობის და ტოკიოს მთავრობის  ხუთმხრივ  სხდომაზე მიიღეს  გადაწყვეტილება ოლიმპიურ არენებზე მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობით დაშვების თაობაზე.

"მივედით შემდეგ შეთანხმებამდე: იაპონიის მთავრობის მიერ დაწესებული ლიმიტის თანახმად, მაყურებელთა რიცხვი განსაზღვრულია არენის ტევადობის 50 პროცენტის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 10 ათასი ადამიანისა. თუ 12 ივლისის შემდეგ საგანგებო რეჟიმი ან კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებული ზომები იქნა შემოღებული, მაყურებელთა დაშვების საკითხი გადაიხედება, მათ შორის  -თამაშების მაყურებლის გარეშე ჩატარების შესაძლებლობაც," - განაცხადა  ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა  სეიკო ჰასიმოტომ.  მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შემთხვევაში, სასწრაფო ზომების მისაღებად კვლავ ხუთმხრივ სხდომას მოიწვევენ.

ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ იაპონიის მოქალაქეებს.  სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ტოკიოში ჩასვლის და ოლიმპიურ შეჯიბრებებზე დასწრების შესაძლებლობა არ ექნებათ.