ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპული მედლები

05 ივლისი 2021

საქართველოს  ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა დორტმუნდის ევროპის ჩემპიონატი.

ქართველმა "კლასიკოსებმა" დორტმუნდის ხალიჩაზე ექვსი მედალი მოიპოვეს, მათ შორის სამი უმაღლესი სინჯისაა, ორი ვერცხლის მედალია და ერთიც - ბრინჯაოსი.

ჩემპიონობა მოიპოვეს ფრიდონ აბულაძემ (60კგ), დიეგო ჩხიკვაძემ (63კგ) და გიორგი ჩხიკვაძემ (72კგ). კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ნაბიჯი დააკლდათ გიორგი თოხაძეს (55კგ) და გიორგი შპეტიშვილს (77კგ). ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ლუკა ოჩიგავა (67კგ).

საქართველოს ნაკრებმა წარმატებას გუნდურ ჩათვლაშიც მიაღწია. რევაზ ლაშხის გუნდმა 154 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ რუსეთის და თურქეთის ნაკრებები.

რამდენიმე დღით ადრე, დორტმუნდშივე იასპარეზეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმაც. ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილები დაიკავეს საწყისი სამი წონის წარმომადგენლებმა: გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ), დავით აბდალაძემ (61 კგ) და გიორგი ჭოლაძემ (65 კგ).