ოლიმპიელებს ტოკიოში თვითგამოხატვის უფლება მიეცათ

05 ივლისი 2021

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ათლეტთა თვითგამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობები გაზარდა.

აღნიშნულია, რომ სპორტსმენებს ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისას შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი აზრი გამოხატონ შეჯიბრებების წინ ან ცალკეული ათლეტის ან გუნდის წარდგენისას იმ პირობით, რომ ჟესტი ან განცხადება ოლიმპიზმის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული და პირდაპირ ან ირიბად არ იქნება მიმართული ადამიანების, ქვეყნების, ორგანიზაციების ან მათი ღირსების წინააღმდეგ. გარდა ამისა, IOC პროტესტის გამოხატვის უფლებას იძლევა შერეულ ზონებშიც, მათ შორის მედიასთან ურთიერთობისას, მედია-ცენტრში, პრესკონფერენციისას ან ინტერვიუსას, გუნდური შეხვედრებისას და სოციალურ ქსელში.

ამასთან, IOC კრძალავს თვითგამოხატვას სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას, მეტოქეთა წარდგენისას, ასევე ფიზიკურ ჩარევას შესაბამისი პროტოკოლური ღონისძიებისას (მაგალითად დროშის ან ბანერის გაშლა), ადამიანებისთვის ან ქონებისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებას.

"ახალი წესები არის სპორტსმენთა მსოფლიო საზოგადოებასთან ჩვენი მრავლისმომცველი კონსულტაციების შედეგი. მართალია, ეს სახელმძღვანელო ათლეტებს ასპარეზობების წინ თვითგამოხატვის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, მაგრამ ძველი წესები კვლავინდებურად რჩება ძალაში შეჯიბრებისას, ცერემონიისას, დაჯილდოებისას და ოლიმპიურ სოფელში. გლობალური კონსულტაციებისას ასეთი იყო სპორტსმენთა დიდი უმრავლესობის სურვილი," - განმარტავს IOC-ის სპორტსმენთა კომისიის ხელმძღვანელი კირსტი კოვენთრი.