ტოკიო-2020 მაყურებლის გარეშე ჩაივლის

08 ივლისი 2021

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოსიჰიდე სუგამ კორონავირუსთან დაკავშირებით გართულებული ვითარების გამო, 12 ივლისიდან 22 აგვისტოს ჩათვლით ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა  ოფიციალურად გამოაცხადა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ტოკიო-2020 მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

ამავე პერიოდში საგანგებო მდგომარეობა გავრცელდება ოკინავაზე, ხოლო გაძლიერებული ზომები იმოქმედებს ოსაკას, საიტამას, კანაგავას და ტიბას პრეფექტურებში.

როგორც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა ტოკიო-2020-ის ხუთმხრივი შეხვედრისას განაცხადა,  IOC და პარალიმპური კომიტეტი (IPC) COVID-19-ის ეპიდემიის ფონზე, ასპარეზობათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იაპონიის ხელისუფლების და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორთა ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ.

„შემიძლია გადაჭრით ვთქვა, IOC და IPC თამაშების უსაფრთხოდ ჩატარების პრინციპების ერთგული რჩებიან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელ ნებისმიერ გადაწყვეტილებას."

გარდა ამისა, თომას ბახმა აღნიშნა, რომ ოლიმპიელების და მათი თანმხლები დელეგაციის წევრების ვაქცინაციის ტემპებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

იაპონიის მოქალაქეებმა მაღალი შეფასება უნდა მისცენ იმ ფაქტს, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ჩამსვლელთა 85 პროცენტამდე ვაქცინირებული იქნება," - დასძენს ბახი.