თომას ბახი: "ტოკიო ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე მომზადებული ქალაქია"

14 ივლისი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელ, სეიკო ჰასიმოტოსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ტოკიო ყველაზე უკეთ მომზადებული ქალაქია ოლიმპიური თამაშების სამასპინძლოდ.

"თქვენ შეძელით, რომ ტოკიო ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე მომზადებული ქალაქი გამხდარიყო. არსებული გარემოებების გათვალისწინებით,  ყოველივე უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. თქვენ და თქვენს კოლეგებს შეგიძლიათ სრულად კმაყოფილები იყოთ გაწეული სამუშაოთი.

თამაშებამდე 10 დღე დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენი ამოცანა მხოლოდ მაშინ იქნება შესრულებული, როდესაც ათლეტები ტოკიოს დატოვებენ," - ხაზს უსვამს თომას ბახი.

ტოკიო-2020-ის ხელმძღვანელთან საუბარში IOC-ის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, თამაშების ორგანიზატორების მიმართ იაპონელთა დამოკიდებულების მნიშვნელობაზე:

"ჩვენი საერთო მიზანია ათლეტებისთვის, სპორტული დელეგაციებისთვის და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, იაპონიის მოსახლეობისთვის, საიმედო და უსაფრთხო თამაშების ჩატარება.

მათ შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ ასპარეზობათა ორგანიზებისადმი ჩვენს მზადყოფნაში, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს ყველაზე მკაცრ პირობებს კორონავირუსთან ბრძოლაში, ასევე ჩვენს მზადყოფნას ვაქცინაციის საერთაშორისო პროგრამის ჩატარებაში (თამაშების მონაწილეთათვის)."

თომას ბახი იაპონიაში 8 ივლისს ჩავიდა და პირველი სამი დღე სასტუმროში, თვითიზოლაციაში გაატარა. IOC-ის პრეზიდენტი 16 ივლისს ჰიროსიმას ეწვევა.

თომას ბახი, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სრულად აქვს ჩატარებული, იაპონიაში ყოფნისას თამაშების ორგანიზატორების მიერ დაწესებულ ყველა შეზღუდვას ითვალისწინებს.