ტოკიოს ოლიმპიური თმაშების მედალოსნებს დაჯილდოების ცერემონიაზე თვითმომსახურება მოუწევთ

16 ივლისი 2021

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მედალოსნებს დაჯილდოების ცერემონიაზე ერთგვარი თვითმომსახურება ელით - ლანგარზე დადებულ მედლებს დამოუკიდებლად აიღებენ და კისერზე ჩამოიკიდებენ.

პროცედურებში ცვლილებების შეტანა ანტიკორონავირუსული ზომებით არის განპირობებული. ამავე რეგულაციების თანახმად, IOC-ის წევრები და საპატიო სტუმრები, დაჯილდოების ცერემონიაზე, დეზინფიცირებული ხელთათმანებით წარდგებიან.

გარდა ამისა, ცერემონიის ყველა მონაწილე, მათ შორის მედალოსნები ვალდებულნი იქნებიან პირბადე გაიკეთონ.

მედლები, რომლებსაც ტოკიოს გმირები მიიღებენ, გადამუშავებული მასალებისგან არის დამზადებული. იაპონიის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2017 წელს წამოიწყო გამოუყენებელი ელექტრო ტექნიკის შეგროვების პროგრამა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიდგა მობილური ტელეფონების, სათამაშო კონსოლების, პლანშეტების თუ ნოუთბუქების ჩასაბარებელი პუნქტები. შეგროვდა დაახლოებით 80 ტონამდე საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ძველი გაჯეტებიდან ამოიღეს ძვირფასი ლითონები - 30 კილოგრამზე მეტი ოქრო, ასევე რამდენიმე ტონა ვერცხლი და ბრინჯაო.