საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელები ტოკიოში ჩავიდნენ

16 ივლისი 2021

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩავიდა საქართველოს დელეგაციის პირველი ოთკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი, ადმინისტრაციული ჯგუფის წევრები - რუსუდან აფციაური და გიორგი ესაკია, ასევე - ექიმი დიმიტრი ბაღათურია.

მათ ტოკიოს ჰანედას საერთაშორისო აეროპორტში გაიარეს ყველა აუცილებელი პროცედურა, ჩააბარეს პისიარ-ტესტი, გაიაქტიურეს აკრედიტაცია, შეხვდენენ ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს, უკვე ადგილზე მიიღეს აუცილებელი პირველადი ინფორმაცია და დაბინავდნენ ოლიმპიურ სოფელში.

სეოკ-ის წარმომადგენლები ხვალიდან აქტიურად ჩაერთვებიან სამუშაო პროცესში, რათა ოპერატიულად გადაწყვიტონ ჩვენი ოლიმპიელების მიღება-დაბინავების, ვარჯიშის დაგეგმვის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, გაარკვიონ ოლიმპიურ შეჯიბრებებში მონაწილეობის დეტალები.

ქართველ ოლიმპიელთა პირველი დიდი ჯგუფი თბილისიდან 17 ივლისს გაემგზავრება, ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში კი 18 ივლისს ჩავა.

ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე,  რომელიც  23 ივლისიდან  8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, საქართველო სპორტის 11 სახეობაში  35 ლიცენზიანტი სპორტსმენით წარდგება.