ტოკიო-2020: სტარტი ახლოვდება

17 ივლისი 2021

ერთ კვირაზე ნაკლები რჩება ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე - 23 ივლისს, ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე დაიწყება თამაშების გახსნის ცერემონია, მომდევნო 16 დღე კი უშუალოდ სპორტულ შეჯიბრებებს დაეთმობა. ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში უკვე იგრძნობა ხალხმრავლობა - აქ  დაბინავდა 10 ათასზე მეტი ადამიანი, მთლიანობაში კი სოფლის ტერიტორიაზე განთავსებულ 21 მაღლივ კორპუსში 18 ათასამდე სტუმარი იცხოვრებს. მათ შორის იქნებიან საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი (ძიუდო, ძალოსნობა, ტყვიის სროლა, კრივი) დღეს საღამოს მიემგზავრება ტოკიოში. მათ ევროპიდან შეუერთდებიან მოფარიკავე სანდრო ბაზაძე და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

როგორც უკვე გაცნობეთ, ოლიმპიადის დედაქალაქში უკვე შეუდგა მუშაობას საქართველოს ოლიმპიური მისია. დღეს დილით სეოკ-ის წარმომადგენლები შეხვდნენ საორგანიზაციო კომიტეტის შესაბამის წევრებს და დეტალურად გაიარეს ყველა მთავარი საკითხი - მათ შორის, საბოლოოდ დაზუსტდა ჩვენი დელეგაციის პერსონალური შემადგენლობა, აკრედიტებულ პირთათვის დაწესებულ რეგლამენტში და კოვიდ-რეგულაციებში შეტანილი ბოლო ცვლილებები, ასევე გახსნისა და დახურვის ცერემონიებში მონაწილეობის, ოლიმპიურ სოფელში შესვლისა და გამგზავრების პირობები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რჟიმში მიმდინარეობდა და სამ საათს გაგრძელდა.

ამის შემდეგ გაიმართა თემატური შეხვედრები იმ სამსახურებთან, რომლებიც არეგულირებენ ოლიმპიელთა სამედიცინო, საატრანსპორტო და სხვა სახის მომსახურებას, სპორტის ცალკეულ სახეობებში ვარჯიშისა და შეჯიბრებაში მონაწილეობის პირობებს.

ქართველი ოლიმპიელები იცხოვრებენ ნომერ მეორე კორპუსში, სადაც მათ მთლიანად დაეთმობა მეშვიდე სართული, ოლიმპიური მისიის მთავარი ოფისი და სამეციცინო ცენტრი კი მეორე სართულზე განთავსდება.

როგორც საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა, სეოკ-ის პირველმა ვივე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა აღნიშნა, ტოკიოში ყოფნისას სპორტსმენებს და დელეგაციის სხვა წევრებს მოუწევთ მკაცრი რეგულაციების დაცვა, მათ შორის -  პირბადის ტარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სოციალური დისტანცირება, ყოველდღიური კოვიდ-ტესტის ჩაბარება. იკრძალება ოლიმპიური სოფლის ტერიტორიიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სპორტსმენი სავარჯიშოდ ან შეჯიბრებაზე მიემგზავრება.

„ეს არის უპრეცენდენტო ოლიმპიური თამაშები, რომელიც პანდემიის პირობებში ტარდება და, შესაბამისად, საკმაოდ მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული. ფაქტობრივად, ეს არის დახურული, უმაყურებლო თამაშები. თუმცა, თავად შეჯიბრების წესებში ბევრი არაფერი შეცვლილა, სპორტსმენისთვის კი, რა თქმა უნდა, მთავარ ამოცანად რჩება ოლიმპიურ სარბიელზე გასვლა და წარმატების მოპოვება. ამიტომაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოახლოებული დიდი სპორტული ასპარეზობის წინ ყველა რესურსის სრული მობილიზება და კონცენტრირება მთავარი მიზნის მისაღწვვად. ჩვენ ვცდილობთ, ქართველ ლიცენზიანტ  სპორტსმენებს  საამისო პირობები შევუქმნათ და ხელი შევუწყოთ წარმატების მოპოვებაში", - გვითხრა ელგუჯა ბერიშვილმა.