ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ვირტუალური გულშემატკივარი ეყოლება

18 ივლისი 2021

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა, უმაყურებლოდ წარიმართება, ადრინდელ თამაშებზე ჩაწერილ ხმებს გამოიყენებენ, რაც თავის მხრივ, ტრიბუნებიდან წამოსული ხმაურის ილუზიას შექმნის.

„ტოკიოს ყველა სარბიელზე სპორტსმენთა მხარდაჭერა გვინდა, რათა ვაგრძნობინოთ, რომ ისინი მარტო არ არიან, რომ მთელი მსოფლიოდან მილიარდობით ადამიანი მათ გვერდითაა და ქომაგობენ. ადრინდელ თამაშებზე ჩაწერილ აუდიო მხარდაჭერას ყველა ობიექტზე გამოიყენებენ," - განმარტავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი. 

ტოკიოს თამაშებზე ასევე გამოიყენებენ geo maps-ს, რომელიც აღნუსხავს და აჩვენებს იმას, თუ რამდენი გულშემატკივარი უყურებს კონკრეტულ შეჯიბრებას თითოეული ქვეყნიდან. მაყურებლებს ასევე საშუალება ექნებათ მხარდაჭერა „ვირტუალური ტაშით" გამოხატონ, რაც არენებზეც გამოჩნდება. ასევე შეუძლიათ ჩაწერონ 6-წამიანი სელფი, რომელიც დიდ ეკრანებზე გადაიცემა.