ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დაახლოებით 15 ათასი ათლეტი და აკრედიტებული ოფიციალური პირი ჩავიდა

18 ივლისი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის ცნობით, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს  დაახლოებით 15 ათასი ათლეტი და აკრედიტებული ოფიციალური პირი ეწვია.

„დღეს ჩვენ მთლიანად ოლიმპიურ თამაშებზე ვართ მომართულები. ტოკიოში დაახლოებით 15 ათასი ათლეტი და აკრედიტებული ოფიციალური პირი ჩამოვიდა, მათ შორის - მედიის წარმომადგენლები. კორონავირუსზე ტესტირება ყველას ჩაუტარდა. მხოლოდ 15 მათგანს აღმოაჩნდა დადებითი პასუხი. ეს ძალზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელია. ისინი იზოლაციაში გადაიყვანეს და იაპონიის მოქალაქეებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ასე რომ, მიღებული ზომები მუშაობს, - განაცხადა თომას ბახმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ თამაშები არნახულ ინტერესს გამოიწვევს, - მსოფლიო მასშტაბით ტრანსლაციის წყალობით, თამაშებს მილიარდობით ადამიანი მიადევნებს თვალ-ყურს. უკვე ცხადია და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ტოკიოში ამ თამაშების მიმართ ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში გულშემატკივართა ყველაზე დიდი ყურადღება იქნება მიპყრობილი. სპორტსმენებით მილიარდობით ადამიანი აღფრთოვანდება."