ქართველი სპორტსმენები ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში

19 ივლისი 2021

ქართველ ოლიმპიელთა პირველი დიდი ჯგუფი უკვე ტოკიოშია. ამ ჯგუფში შედიან ძიუდოისტები, ძალოსნები, ტყვიის მსროლელები, მოკრივეები, აგრეთვე სამედიცინო პერსონალი. ჩვენი ოლიმპიური დელეგაციის წევრებმა ტოკიოს ნარიტას აეროპორტში შეუფერხებლად გაიარეს ყველა აუცილებელი პროცედურა, ჩააბარეს კოვიდ-ტესტი, მაგრამ ამის შემდეგ თითქმის 5 საათი მოუწიათ აეროპორტში ყოფნა და მხოლოდ გამთენიისას შემოვიდნენ ოლიმპიურ სოფელში.

საქმე ის არის, რომ ოლიმპიადის სატრანსპორტო სამსახურმა დროულად ვერ უზრუნველყო მათი გადმოყვანა ოლიმპიურ სოფელში. ამ პრობლემის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელებმა (რომლებიც სოფლის შესასვლელთან საღამოს 11 საათიდან ელოდებოდნენ ჩვენს ოლიმპიელებს და ღამე იქვე გაათენეს) განმარტების მისაღებად და ოპერატიული რეაგირებისთვის მიმართეს სორგანიზაციო კომიტეტის ადგილზე მყოფ წარმომადგენლებს, რომლებმაც ბოდიში მოიხადეს - აეროპორტი მგზავრთა ნაკადებით გადატვირთულია, ამას ტექნიკური ხარვეზები  დაერთო და შეფერხებაც ამის გამო მოხდაო (როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ათამდე ქვეყნის ოლიმპიელები).

როგორც საქართველოს ოლიმპიური მისის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა აღნიშნა, ამ დასანანი გაუგებრობის გამო, საგრძნობლად შეიცვალა ჩვენი ოლიმპიელების დღის წესრიგი - პირველი ვარჯიშები სხვა დროისთვის გადაიდო, სამედიცინო პრესონალი კი უკვე შეუდგა ინტენსიურ სარეაბილიტაციო პროცედურებს.

„ძალოსნებმა დღის პირველ ნახევარში დანიშნული ვარჯიშის საღამოსთვის გადაიტანა გვთხოვეს, დაკორექტირდა სხვა სახეობების წარმომადგენელთა გეგმებიც. ჩვენი დელეგაციის წევრებმა უკვე ოლიმპიურ სოფელშიც ჩააბარეს კოვიდ-ტესტები და ასე გაგძელდება მთელი ოლიმპიადის განმავლობაში. მოგეხსენებათ, პანდემიის გამო,  დაწესებულია საკმაოდ  მკაცრი რეგულაციები, თუმცა ამისთვის ყველანი მზად ვართ. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს იაპონიაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, საგანგებო და სრულუფლებიან დესპანთან თეიმურაზ ლეჟავასთან. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი საელჩო მზადყოფნას გამოთქვამს აღმოგვიჩინოს ყველა საჭირო დახმარება.

ქართველ სპორტსმენთაგან ოლიმპიურ სოფელში პირველი დაბინავდა სანდრო ბაზაძე, რომელიც თავის ფრანგ მწვრთნელთან ერთად საფრანგეთიდან ჩამოფრინდა. სანდრო უკვე შეუდგა ვარჯიშს, უშუალოდ ოლიმპიურ შეჯიბრებაში კი 24 ივლისს უწევს გამოსვლა. იმავე დღეს იასპარეზებენ ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი, მოკრივე ესკერხან მადიევი და მოცურავე ირაკლი რევიშვილი. სავარაოდოდ, 24-ში პირველ შეხვედრას გამართავს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც. მანამდე კი, 23 ივლისს გაიმართება ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია. ჩვენი ორივე მედროშე - ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე უკვე ტოკიოში არიან," - გვითხრა ელგუჯა ბერიშვილმა.