ევროკავშირს ტოკიო-2020-ის გახსნაზე საკუთარი დროშის ხილვა სურს

19 ივლისი 2021

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტის სხინასის ცნობით, ევროკავშირი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტ თომას ბახს მიმართავს თხოვნით, რათა სლოვენიელ სპორტსმენებს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ევროკავშირის დროშის ტარების უფლება მიეცეს.

"ევროკავშირის დროშა, როგორც მშვიდობიანი თანაცხოვრების, შემწყნარებლობის და სოლიდარობის სიმბოლო, ტოკიოში 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე უნდა იმყოფებოდეს. ეს არის ევროკავშირის და ოლიმპიური მოძრაობის საერთო მიზანი,"- წერს სხინასი.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, IOC-ის პრეზიდენტის მისამართით ევროკომისიის და ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვენიის სახელით შესაბამისი წერილი გაიგზავნა. არის ვარაუდი, რომ სლოვენიელები გახსნის ცერემონიაზე, ქვეყნების აღლუმზე, სახელმწიფო დროშასთან ერთად, ევროკავშირის დროშით გამოჩნდებიან.