ოლიმპიურ დევიზში ცვლილებაა -„ სწრაფად, მაღლა, ძლიერად, ერთად"

20 ივლისი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის  (IOC) ტოკიოს 138-ე სესიაზე მხარი დაუჭირეს IOC-ის პრეზიდენტის, თომას ბახის მიერ ოლიმპიურ დევიზში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით  წარდგენილ  წინადადებას: საყოველთაოდ ცნობილ დევიზს - „სწრაფად, მაღლა, ძლიერად"  (citius, altius, fortius) დაემატა communis („ერთად").

ის, რაც 1894 წლიდან მოყოლებული დღემდე ხელუხლებელი იყო შეიცვალა.

„ არის ეპოქალური მოვლენა," - განაცხადა თომას ბახმა.

IOC-ის წარმომადგენელი მარკ ადამსი ოლიმპიური დევიზის ცვლილების იდეას ასე განმარტავს: „ოლიმპიური დევიზის შეცვლის იდეა იმაშია, რომ ვერ იქნები უფრო სწრაფი, უფრო მაღლა თუ ძლიერი შენს ირგვლივ მყოფი გუნდის გარეშე. ეს ეხება როგორც სპორტს, ისე ცხოვრებას.

ვფიქრობ, ოლიმპიური ღირებულებები არა მარტო ინდივიდუალურ უპირატესობებშია, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, არამედ გარემოცვაში, სპორტსმენის ირგვლივ მყოფ გუნდში. ეს შეიძლება იყოს ექიმების, მწვრთნელების და სპორტსმენთა გუნდი. ვიცი, რომ  დევიზის ცვლილების იდეა იმაშია, რომ თუ თანამედროვე სამყაროში შორს წასვლა გინდა, მაშინ ვიღაცასთან ერთად უნდა იარო."