სპორტის ექვსი სახეობა, მათ შორის სამბო, ოლიმპიური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა

21 ივლისი 2021

ტოკიოში მიმდინარე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 138-ე სესიაზე სპორტის ექვსი სახეობისთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, IOC-ის სესიის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ოჯახის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ სამბოს საერთაშორისო ფედერაცია (FIAS), ჩირლიდინგის საერთაშორისო კავშირი (ICU), მუაი ტაის ასოციაციის საერთაშორისო ფედერაცია (IFMA), აისშტოკ სპორტის საერთაშორისო ფედერაცია (IFI), კიკბოქსინგის ორგანიზაციის მსოფლიო ასოციაცია (WAKO) და ლაკროსის მსოფლიო ფედერაცია (WL).

ისტორიული გადაწყვეტილებიდან განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ სამბო - სპორტის სახეობა, რომელიც საქართველოში ფართოდ  არის განვითარებული და  ევროპისა თუ მსოფლიოს არაერთი ჩემპიონი და პრიზიორი გვყავს.

სამბოს საერთაშორისო ფედერაციამ (FIAS) საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროებითი აღიარება 2018 წლის ნოემბერში მოიპოვა. 2021 წლის ივნისში კი IOC-ის აღმასრულებელი საბჭო ოლიმპიურ ქარტიასთან FIAS-ის სრულ შესაბამისობაში აღიარების წინადადებით გამოვიდა.

138-ე სესიის წარმომადგენლებმა წინადადებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მიესალმება IOC-ის ამ მეტად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.