საგანგებო განცხადება

21 ივლისი 2021

(ოლიმპიური სიმბოლიკის უკანონო გამოყენების შეწყვეტასთან დაკავშირებით)

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2021 წლლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით,  იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართება ოლიმპიური თამაშები, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოც. ოლიმპიადის მოახლოვებასთან ერთად, სამწუხაროდ, გახშირდა ოლიმპიური სიმბოლიკის უნებართვო და კანონსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტები, რის გამოც წინამდებარე განცხადებით გვსურს საზოგადოებას ვამცნოთ დარღვევის შესახებ და პასუხისმგებელ პირებს საჯაროდ მოვუწოდოთ უკანონო ქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისაკენ.

ააიპ „საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი“ (შემდგომში „GNOC“) შექმნილია და თავის საქმიანობას ახორციელებს იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის განვითარებას საქართველოში. GNOC ამ მიზნით მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (შემდგომში „IOC“), საქართველოს ტერიტორიაზე წარმოადგენს მას და ზედამხედველობს IOC-ის მიერ დადგენილი პრინციპების/წესების დაცვას. GNOC-ის მხარდაჭერით, ქართველი სპორტსმენები, მწვრთნელები, სპორტულ სფეროში მოღვაწე სხვა დაკავშირებული პირები, ნაკრებები და გუნდები მონაწილეობენ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ოლიმპიურ ღონისძიებებში (დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://geonoc.org.ge/).

GNOC აქტიურ მონიტორინგს უწევს და აკონტროლებს ოლიმპიური ღონისძიებების და/ან მონაწილეების შესახებ და მათთან დაკავშირებით ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით (იქნება ეს ზეპირად თუ წერილობით) ინფორმაციის გავრცელებას და/ან, შეუზღუდავად, ოლიმპიური სიმბოლოების, ოლიმპიური თამაშების ემბლემების, პიქტოგრამების, გრაფიკული გამოსახულებების, ოლიმპიური ნაკრებების ნებისმიერი ემბლემის და/ან ლოგოს, სიტყვების („ოლიმპიური“, „ოლიმპიადა“, „ოლიმპიური თამაშები“ და ა.შ.), მასპინძელი ქალაქების სახელების, ოლიმპიური ღონისძიებების და/ან მონაწილეების ლოგოს, დროშის, გამოსახულების, სახელის, სპორტული ტიტულის, წლების, სავაჭრო ნიშნების და/ან შესაბამისი კანონმდებლობით და/ან სხვაგვარი ფორმით დაცული სასაქონლო ნიშნების, დასახელებების, დევიზების და/ან ნებისმიერი სხვა სახის სიმბოლოს, გამოსახულების, ნიმუშის, სიტყვის, გამოთქმის, გამონათქვამის და ა.შ. გამოყენებას,  მათ შორის, შეუზღუდავად, ნებისმიერ პირდაპირ და/ან არაპირდაპირ სარეკლამო/მარკეტინგულ აქტივობას, პოპულარიზაციის ნებისმიერ ფორმას, მაგალითად, სოციალურ მედიასა და სოციალურ ქსელში, ბილბორდებზე, ტელევიზიით, რადიოთი, ბეჭდვით თუ ონლაინ სივრცეებში, შეტყობინებებს/აქციებს (მიუხედავად იმისა იქნება ფასიანი თუ უფასო), ტრადიციულ რეკლამას/PR-ს (პირადი გამოსვლებისა და პრეს რელიზების ჩათვლით), მათ შორის, ნებისმიერ პროდუქტზე/სავაჭრო სივრცეში და ა.შ.

 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი პირის მხრიდან აქტივობა და/ან ოლიმპიური მახასიათებლების გამოყენება დაიშვება, მკაცრად, მხოლოდ, IOC-ის პრინციპების/წესების შესაბამისად, მათი დაცვით და, აღნიშნულის წინასწარ, GNOC-სთან შეთანხმების გზით. ოლიმპიური კომიტეტი არის ოლიმპიური თამაშების სიმბოლოს, როგორც სასაქონლო ნიშნის რეგისტრირებული მესაკუთრე. მესაკუთრის ნებართვის გარეშე კატეგორიულად მიუღებელია სასაქონლო ნიშნის ან მისი რომელიმე ნაწილის ნებისმიერი სახით გამოყენება. წინამდებარე წერილით კომიტეტი საჯაროდ ატყობინებს ყველა პოტენციურ დამრღვევს, რომ ოლიმპიური კომიტეტი არ არის თანახმა მისი წინასწარი ნებართვის გარეშე მოხდეს სასაქონლო ნიშნის რაიმე სახით გამოყენება და ყველას მოგიწოდებთ  შეწყვიტოთ უკანონო ქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი კონკრეტული პირების მხრიდან დაუყოვნებლივ არ მოხდება სასაქონლო ნიშნის უნებართვო გამოყენების შეწყვეტა, ოლიმპიური კომიტეტი იძულებული იქნება საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას. პირველ რიგში, დამრღვევ პირებს სასამართლოს წესით აეკრძალებათ კომიტეტის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენება, ამასთან, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 45(5) მუხლის თანახმად მათ სრულად ჩამოერთმევათ სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებით მიღებული ყველა შემოსავალი/მოგება, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი კანონის დარღვევით მიღებული მოგება აღემატება 5,000 ლარს, შესაძლებელია, კონკრეტული პირების მიმართ დადგეს, ასევე, სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც.

 ოლიმპიური კომიტეტი იმედს იტოვებს, რომ წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებით სათანადო ინფორმაცია მიეწოდებათ პასუხისმგებელ პირებს და ისინი განცხადების გაცნობიდან უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფენ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების აღკვეთას. ამასთან, ოლიმპიური კომიტეტი განაგრძობს აქტიური მონიტორინგის კამპანიას და განმეორებითი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართავს კანონით გათვალისწინებულ საჭირო ზომებს, პასუხისმგებელი პირებისათვის დამატებითი გაფრთხილების გარეშე.

 

 საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით

იურიდიული ფირმა „ბიგვავა ბატიაშვილი“

თეიმურაზ ბიგვავა, გოჩა ოყრეშიძე

ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №8, ბიზნესცენტრი გორგასალი, მე-5 სართული

tbigvava@biba.legal, gochaokreshidze@gmail.com

591 28 06 10 | 599 09 97 01