ერთი ჩემპიონის ისტორია

ზამთრის ოლიმპიური თამაშები

22 ივნისი 2012

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დიდი ხნის ისტორია არა აქვს. იგი სათავეს 1924 წლიდან იღებს, თუმცა ზამთრის სახეობა ოლიმპიურ პროგრამაში პირველად 16 წლით ადრე შეიტანეს: 1908 წელს ლონდონში, IV ოლიმპიადაზე მედლების ოთხი კომპლექტი გათამაშდა ყინულზე ფიგურულ ციგურაობაში - ორი კომპლექტი კაცთა (ნებისმიერი და სპეციალური პროგრამით), თითო - ქალთა და წყვილთა შორის. მონაწილეთა რაოდენობა დიდი არ ყოფილა - კაცთა შეჯიბრებაში ნებისმიერი პროგრამით 9 სპორტსმენი გამოდიოდა, სპეციალურით - 3. ქალთა ტურნირში 5 სპორტსმენი მონაწილეობდა, წყვილებში კი - 6. კაცებში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ შვედი ულრიხ სალხოვი (ნებისმიერი) და რუსი ნიკოლაი პანინ-კოლომენკინი (სპეციალური). ქალებში გაიმარჯვა დიდბრიტანელმა ფლორენს (მაჯი) საიერსმა, წყვილებში კი პირველნი იყვნენ ანა ჰიუბლერი და ჰაინრიხ ბიურგერი (გერმანია).

1916 წლის ზაფხულის თამაშების ორგანიზატორებს სურდათ ბერლინის ოლიმპიადაზე "სათხილამურო ოლიმპიაც" წარმოედგინათ - ბერლინთან ახლოს მდებარე ეგრეთწოდებულ შავ ტყეში ჩრდილოურ სახეობებში გაემართათ ასპარეზობა, მაგრამ იმ ოლიმპიადის გამართვას პირველმა მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი. 1908 წლის შემდეგ ზამთრის სახეობები ოლიმპიადის პროგრამაში 1920 წელს შეიტანეს: ანტვერპენში ფიგურულ ციგურაობაში მედლების სამი კომპლექტი გათამაშდა - კაცთა, ქალთა და წყვილთა შორის. კაცთა ტურნირში 6 ქვეყნის 9 სპორტსმენი გამოდიოდა, ქალთა ტურნირში - 4 ქვეყნის 6 მოციგურავე, წყვილთა ასპარეზობაში კი - 6 ქვეყნის 16 წყვილი. ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ შვედი გილის გრაფსტრიომ, ასევე შვედი მაგდა მაუროი-იულინ და ფინელთა წყვილი - ლუდოვიკა და ვალტერ იაკობსონები. ფიგურული ციგურაობის გარდა, ანტვერპენში გაიმართა ასპარეზობა კანადურ ჰოკეიში, რომელშიც შვიდი გუნდი მონაწილეობდა. გაიმარჯვეს კანადელებმა. II ადგილი დაიკავა აშშ-ის გუნდმა, III ადგილზე კი ჩეხოსლოვაკიის მოციგურავეები გავიდნენ.

ოლიმპიადის პროგრამაში ზამთრის სახეობების ჩართვის სურვილი საუკუნის დასაწყისში გამოთქვა პიერ დე კუბერტენმა. მეტიც, მან წამოაყენა წინადადება ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების შესახებ და ეს წინადადება არაერთხელ განიხილეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში. კუბერტენს ბევრი მომხრე ჰყავდა, მაგრამ ზამთრის ოლიმპიური თამაშების იდეას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ შვედები და ფინელები. მათი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ 1901 წლიდან ოთხ წელიწადში ერთხელ შვედეთში ტრადიციულად ტარდებოდა ჩრდილოეთის თამაშები, რომელშიც ზამთრის სახეობათა ყველა საუკეთესო წარმომადგენელი მონაწილეობდა. ამის გამო, მათი აზრით, პარალელური ასპარეზობის გამართვა აუცილებელი არ იყო.

სოკის 1911 წლის სხდომაზე ჩრდილოეთის თამაშების თაოსანმა, სოკის წევრმა, შვედმა ვიქტორ გუსტავ ბალოკმა, როცა კითხვა დაუსვეს 1912 წლის ოლიმპიადის პარალელურად ზამთრის თამაშების ჩატარების შესახებ, უპასუხა, რომ ამაზე ფიქრიც კი შეუძლებლად მიაჩნდა. მოწინააღმდეგეებს სერიოზულ არგუმენტად მოჰყავდათ ისიც, რომ ზამთრის სახეობებს ისტორიული ფესვები არ ჰქონდა და ამიტომ მათთან დაკავშირებით თავად სიტყვა „ოლიმპიურის" გამოყენებაც კი მიუღებელი იყო. გარდა ამისა, ქვეყნების უმეტესობას არ გააჩნდა ზამთრის სახეობებისთვის აუცილებელი ბუნებრივი პირობები თუ სპორტული არენები. სწორედ ამის გამო ამოიღეს 1900 წლის ოლიმპიადის პროგრამიდან ციგურაობა.

სკანდინავიელთა აგუმენტებისა და მათი კატეგორიული პოზიციის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლებოდა, რადგან უიმათოდ არათუზამთრის, ზაფხულის თამაშებიც კი არასრულფასოვანი იქნებოდა. მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ პიერ დე კუბერტენმა შეძლო ყველასთვის მისაღები ვარიანტის მოძებნა. 1922 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პარიზის სესიაზე გადაწყდა, 1924 წელს ჩაეტარებინათ ასპარეზობა ზამთრის სახეობებში ასეთი სახელწოდებით: „საერთაშორისო სპორტული კვირეული VIII ოლიმპიადასთან დაკავშირებით".

კვირეული გაიმართა საფრანგეთის ალპებში მდებარე პატარა სოფელ შამონიში 1924 წლის 25 იანვრიდან 4 თებერვლამდე ოლიმპიადებისთვის აუცილებელი ყველა ფორმალობის დაცვით, ოლიმპიური ცეცხლის ანთება იქნებოდა ეს თუ ოლიმპიური ფიცის დადება. მონაწილე ქვეყანათა და სპორტსმენების რაოდენობით, აგრეთვე ასპარეზობათა სიმწვავით კვირეულმა ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ამან საშუალება მისცა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, 1925 წლის 27 მაისს პრაღაში ჩატარებულ ოლიმპიურ კონგრესზე მიეღო გადაწყვეტილება ოლიმპიურ წლებში ზამთრის ოლიმპიური თამაშების რეგულარულად ჩატარების შესახებ.

იმავე სესიაზე 1924 წელს შამონიში ჩატარებულ ოლიმპიურ კვირეულს ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშების ოფიციალური კლასიფიკაცია მიეცა. მას შემდეგ ზამთრის თამაშები ოლიმპიური სპორტის განუყოფელ ნაწილად იქცა. თითქმის შვიდი ათეული წლის შემდეგ სოკის 1991 წლის სესიაზე ზამთრის ოლიმპიადებისთვის მეტი მნიშვნელობისა და უფრო მაღალი სტატუსის მინიჭების მიზნით გადაწყდა, რომ ზაფხულისა და ზამთრის თამაშები ორ წელიწადში ერთხელ რიგრიგობით ჩაეტარებინათ. ამ მიზნით ზამთრის XVII ოლიმპიური თამაშები, რომელიც 1996 წელს უნდა გამართულიყო, ორი წლით ადრე, 1994 წელს ჩატარდა. 1924-2010 წლებში გაიმართა ზამთრის 21 ოლიმპიური თამაშები.

 

1924 25.01_05.02
შამონი I 16 16 258
1928 11.02-19.02 სენტ-მორისი II 25 14 464
1932 04.02-15.02 ლეიკ-პლესიდი III 17 14 252
1936 06.02-16.02 გარმიშ-პარტენკინხენი IV  28 17 668
1948 30.01-08.02 სენტ-მორისი V 28 22 669
1952 14.02-25.02 ოსლო VI 30 22 694
1956 26.01-05.02 კორტინა დ, ამპეცო  VII 32 24 820
1960 18.02-28.02 სკვო-ველი VIII 30 27 665
1964 29.01-09.02 ინსბრუკი IX 36 34 1091
1968 06.02-18.02 გრენობლი X 37 35 1158
1972 03.02-13.02 საპორო XI 35 35 1006
1976 04.02-15.02 ინსბრუკი XII 37 37 1123
1980 13.02-24.02 ლეიკ-პლესიდი XIII 37 38 1072
1984 8.02-19.02 სარაევო XIV 49 39 1274
1988 13.02-28.02 კალგარი XV 57 46 1423
1992 08.02-23.02 ალბერვილი XVI 64 57 1801
1994 12.02-27.02 ლილეჰამერი XVII 67 61 1739
1998 07.02-22.02 ნაგანო XVIII 72 68 2176
2002 09.02-24.02 სოლტ-ლეიკ-სი.   XIX 77 78 2399
2006 10.02-26.02 ტურინი XX 80 84 2508
2010 12.02-28.02 ვანკუვერი XXI 82 86 2566
2014 07.02-23.02  სოჭი  XXII 88  98  2780 
2018 09.02-25.02  პიონგჩანგი  XXIII 92  102  2963