- ქართველები ოლიმპიადებზე
- ქართველები ზამთრის ოლიმპიადაზე
- ზამთრის ოლიმპიური სახეობები
- ზაფხულის ოლიმპიური სახეობები
- ოლიმპიური ჩემპიონები
- ოლიმპიური პრიზიორები
- ოლიმპიური თამაშები
- ზაფხულის ოლიმპიური თამაშები
- ზამთრის ოლიმპიური თამაშები
- ოლიმპიური მოძრაობა
- პარაოლიმპიური თამაშები
- ოდა სპორტს
- საერთაშორისო ოლიმპიური მუზეუმი
- საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი
- ევროპის ოლიმპიური კომიტეტი
- ოლიმპიური ქარტია
- საერთაშორისო ოლიმპიური აკადემია
- ანტიკური ოლიმპიური თამაშები
- ქართული სპორტის ქრონიკები
- ქართველი მსოფლიო რეკორდსმენები
- საქართველო ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე
- საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
- ოლიმპიური სტატისტიკა
- ლევან ვარდოსანიძე / LEVAN VARDOSANIDZE
- მწვრთნელები
ოდა სპორტს
ამობეჭდვაორენოვანი (ფრანგულ-გერმანული) ლიტერატურული ნაწარმოები, რომელსაც პირვლი ადგილი და ოქროს მედალი მიეკუთვნა სტოკჰოლმის ოლიმპიადის (1912) ხელოვნების კონკურსზე. ნაწარმოებს ხელს აწერდნენ ჟორჟ ჰოროდი და მარტინ ეშენბახი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ორივე გვარი სინამდვილეში პიერ დე კუბერტენის ფსევდონიმი იყო. კუბერტენი შიშობდა, რომ მის ავტორიტეტს შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა კონკურსის ჟიურის ობიექტურობაზე და ამიტომ ამჯობინა, ანონიმურად წარედგინა თავისი ნაწარმოები.
I
შენ ხარ სპორტი და ხარ სიხარული! ხარ სიცოცხლის
დიდი ლამპარი, მოულოდნელად ანთებული
ხრიოკ მინდორში, სადაც ბრძოლაა გამართული
არსებობისთვის, ხარ მოვლენილი, ვით მოციქული
გარდასულ დროთა, როცა ღიმილით იყო ფენილი
კაცობრიობა. შენ მოხვედი და მთათა მწვერველებს
გადაეფარა ავრორას კალთა და სინათლის
თეთრი ჩიტები შეფრთხიალდნენ დაბურულ ტყეში.
II
შენ ხარ სპორტი და ხარ სილამაზე! ხარ კირითხურო
ადამიანის სისხლის და ხორცის, რომელიც შენით
მშვენიერდება და არ არსებობს სილამაზე თვინიერ
შენი თანადგომის, რადგან შენა ხარ სწორუპოვარი
დიდოსტატი წონასწორობის და ჰარმონიის.
შენ ავსებ სხეულს მძლეთამძლე ძალით
და აძლევ ძალას სილამაზეს, სინარნარეს, მოხდენილობას.
III
შენ ხარ სპორტი და ხარ სამართალი! აღსრულებული
ხარ სამართალი, რომელსაც ხალხი ამაოდ ეძებს
დასაბამითგან მოაქჟამამდე. ვერვინ ასცდება თუნდ
ერთი გოჯით, სიმაღლეს, მხოლოდ შენ რომ დასძლიე
და არავის ძალუძს გაეჯიბროს ულმობელ წამებს,
თუ არა შენივ შემწეობით და დახმარებით.
IV
შენ ხარ სპორტი და ხარ სიმამაცე! და მთელი აზრი
ადამიანის ძალთახმევისა ერთ სიტყვაშია მოქცეული
და სიტყვა იგი არს: "შემართება". შემართებისთვის,
მხოლოდ და მხოლოდ შემართებისთვის, სხვად არად
უნდა ადამიანს ძალი და ღონე, სიმამაცე კი,
შენით შობილი სიმამაცე, განსხვავდება შლეგთა
უმიზნო სიმამაცისგან, გონიერია ეგ სიმამაცე.
V
შენ ხარ სპორტი და შენ ხარ ღირსება! ყველაფერი,
რაც შენ მოეცი, რასაც შენ აძლევ ადამიანებს,
მოპოვებული არის მხოლოდ ღირსეულ ბრძოლით,
გარნა იგი, ვინაც იცრუა, ვინც არ დაინდო მოყვასი
თვისი, თავს ვერ დააღწევს სინდისის ქენჯნას და
სიკვდილამდე იქნება ასე, ლაფდასხმული
და შერცხვენილი.
VI
შენ ხარ სპორტი და შენ ხარ ზეიმი! შენით ზეიმობს
ადამიანი და სისხლი შენით უფრო მედგრად ეხლება
ძარღვებს. შენით გონების ჰორიზონტი ფართოვდება
და იწმინდება. შენ შეგიძლია უბედური იხსნა სევდისგან
და ბედნიერი აზიარო ქვეყნად უმაღლეს ბედნიერებას.
VII
შენ ხარ სპორტი და ხარ ხეკეთილი! ნაყოფი შენი არის
უხვი და არის ჯანმრთელი, შენ ხარ მძლეველი ქვეყნად
ყველა ავადმყოფობის. ათლეტი შენი თვალებით უმზერს
თავის ძლიერ და კუნთმაგარ ბიჭებს, რომლებმაც უნდა
შეცვალონ იგი და მამის მსგავსად თავს დაიდგან
დაფნის გვირგვინი.
VIII
შენ ხარ სპორტი და შენ ხარ პროგრესი! ქურუმი შენი
უნდა იყოს წმინდა სულითაც და სხეულითაც.
შენ ასწავლი ადამიანებს, იცხოვრონ ბრძნულად,
მიაღწიონ ახალ სიმაღლეს, ახალ მწვერვალს, გადალახონ
დაბრკოლებანი, ოღონდ კი ისე, რომ არა ავნონ
საკუთარ სულს და საკუთარ სხეულს.
IX
შენ ხარ სპორტი და შენ ხარ მშვიდობა! შენ აახლოებ
ადამიანებს, თესავ სიკეთის თესლსა და მერე თავადვე
იმკი საკუთარი სიკეთის ნაყოფს. შენ შთააგონებ
ახალგაზრდობას, რომ პატივი სცენ საკუთარ თავს და
მშობლიურ მიწას და შენ ასწავლი ადამიანებს,
რომ ერთადერთი სამართლიანი ბრძოლა, ეს არის -
ბრძოლა საქვეყნო მშვიდობისათვის.
(პაატა ნაცვლიშვილის თარგმანი)