ჩვენი იმედი საფუძვლიანია
გაზეთ „ლელოში" სეოკ-ისა და რედაქციის ერთთობლივი პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა ვრცელი ინტერვიუ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, რიოს თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელთან ელგუჯა ბერიშვილთან.
- ჩვენი სპორტსმენებისთვის საოლიმპიადე საკვალიფიკაციო ტურნირები დასრულდა. საბოლოოდ, რამდენი ოლიმპიელი გვეყოლება რიოში?
- რიოში საქართველო 39 სპორტსმენით წარსდგება, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ჩვენი ქვეყნისთვის. აქამდე, ატლანტასა და სიდნეიში 36-36 ლიცენზიანტი გვყავდა და ეს იყო ჩვენი მაქსიმუმი. ბოლო ლიცენზიანტის ვინაობა ორიოდე დღის წინ გაირკვა _ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება მიანიჭა სიმაღლეზე მხტომელ ვალენტინა ლიაშენკოს. თუ ჭიდაობის დისციპლინებს ცალკე სახეობებად ჩავთვლით, ოლიმპიადის ლიცენზიანტთა შორის მოხვდნენ სპორტის 13 სახეობის წარმომადგენლები: რვა ძიუდოისტი, თავისუფალი სტილის ექვსი და ბერძნულ-რომაული სტილის ხუთი მოჭიდავე, ასევე ხუთი მძლეოსანი, სამ-სამი ძალოსანი და მშვილდოსანი, ორ-ორი ტყვიის მსროლელი და მოცურავე, თითო-თითო მხატვრული ტანმოვარჯიშე, ბატუტზე მხტომელი, მოფარიკავე, ჩოგბურთელი და კანოისტი. ძალოსნობის ფედერაციას იმედი აქვს, რომ ოლიმპიელთა რიგებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორს ანსატასია გოტფრიდსაც ვიხილავთ. საერთაშორისო ფერედაციიდან საბოლოო პასუხს 18 ივლისისთვის ელოდებიან.
- ოლიმპიელთა რაოდენობა საქმის ერთი მხარეა - მთავარი ხომ საბოლოო შედეგი, ანუ მოპოვებული მედლების რაოდენობაა. თუმცა, ჩვენი აზრით, რაოდენობაც მნიშვნელოვანი ფაქტორია - ის ჩვენი სპორტის საერთო მდგომარეობის შესაფასებელ კრიტერიუმადაც შეიძლება მივიჩნიოთ. თანაც, ბოლო წლებში ჩვენთვის ტრადიციულ ოლიმპიურ სახეობებს სხვებიც შეემატა...
- ოლიმპიელობა თავისთავად გარკვეული სტატუსია და სპორტსმენის მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს, თუმცა გეთანხმებით, რომ საბოლოოდ ყველაფერი უშუალოდ ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგებით შეფასდება. თამაშები რომ ჩაივლის, მერე ლიცენზიანტთა რაოდენობა ცოტა ვინმეს თუ გაახსენდება და აქცენტი უკვე მედალოსანთა რაოდენობაზე გაკეთდება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ მხრივაც ყველაფერი რიგზე იქნება და ბრაზილიიდან კარგი შედეგებით დავბრუნდებით. ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად იძლევა ოლიმპიადისწინა შეჯიბრებების შედეგები და ჩვენი გუნდის ლიდერების რეალური პოტენცია.
- რაკი მოსალოდნელ შედეგებს შევეხეთ, მოდით, ეს თემა გავაგრძელოთ. ამბობენ, პროგნოზების კეთება უმადური საქმეაო. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უმადური კი არა, ეს ურთულესი საქმეა, რაშიც ახლახან დასრულებულმა ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატმაც დაგვარწმუნა - ბევრი პროგნოზი და ვარაუდი, რომ იტყვიან, ყირაზე დადგა... და მაინც: უეჭველია, ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელებს სავარაუდო-საბაზისო გათვლები გაკეთებული გექნებათ...
- ვიმეორებ, ბოლო პერიოდში დიდ შეჯიბრებებზე ნაჩვენები შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ოლიმპიელთა ამ შემადგენლობას რიოში სერიოზული წარმატების მიღწევა შეუძლია. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ოლიმპიადაზე კონკურენცია გაცილებით მძაფრი იქნება, ვინემ თუნდაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ჩემი ვარაუდით, რვა-ცხრა მედლის მოიპოვების შანსი გვაქვს. დამოუკიდებლობის წლების ოლიმპიურ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტი - შვიდი მედალი 2012 წელს ლონდონში ავიღეთ, ყველაზე მეტი - სამი ჩემპიონი კი 2008 წელს პეკინში გვყავდა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი სინჯის ოლიმპიური მედალი თავისთავად მნიშვნელოვანი სპორტული წარმატებაა, მაგრამ, დამეთანხმებით, ჩემპიონის ოქროს მედალს, თამაშებზე აჟღერებულ შენი ქვეყნის ჰიმნს და ყველაზე მაღლა აღმართულ დროშას სულ სხვა ფასი აქვს. მომავალ ოლიმპიადაზე ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესება იქნება. მოსალოდნელ მედლებზე საუბრისას, პირველ ყოვლისა, ჩვენი ძიუდოისტები, მოჭიდავეები და ძალოსნები გვახსენდება, თუმცა, შესაძლოა, პოდიუმზე სხვა სახეობების წარმომადგენლებიც ვიხილოთ. ოლიმპიადა კარს მოგვადგა და ყველანი ერთად ვნახავთ, რამდენად დაემთხვევა ერთმანეთს ჩვენი პროგნოზები და რეალური შედეგები.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ არა მარტო თავად ოლიმპიური კომიტეტის, არამედ მთელი ქართული სპორტის ნამოღვაწარი სწორედ რიოში ნაჩვენები შედეგებით შეფასდება. კომიტეტში მოსვლის პირველი დღეებიდანვე, ახალი ხელმძღვანელობის სტრატეგიულ ამოცანად განისაზღვრა აქტიური თანამშრომლობა სპორტულ ორგანიზაციებთან, სპორტის ოლიმპიური სახეობების ფედერაციებთან, მწვრთნელთა კორპუსთან. ჩვენ ვართ პარტნიორები, ვაკეთებთ მნიშვნელოვან საერთო საქმეს, სადაც თითოეულ მხარეს თავისი ვალდებულებები აქვს. მაგალითად, სანაკრებო გუნდების მომზადებაზე, სპორტულ შედეგებზე პასუხისმგებლობა უშუალოდ შესაბამის ფედერაციას აკისრია. ჩვენი ამოცნაა, ერთის მხრივ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ცალკეული სპორტული ფედერაციების, ნაკრები გუნდების მწვრთნელების და თავად სპორტსმენების საჭიროებები, ოპერატიულად გადავწყვითოთ პრობლემები. მეორე და ასევე ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია ოლიმპიადასთან დაკავშირებული მოცულობითი საორგანიზაციო საქმიანობის წარმართვა, ოლიმპიური დელეგაციის ფორმირება და წარდგენა, შესაფერისი სპორტული და სააღლუმო სამოსით აღჭურვა, გუნდის გამგზავრება, ოლიმპიურ სოფელში განთავსება, სამედიცინო უზრუნველყოფა, ლოჯისტიკა და არაერთი სხვა ტექნიკური პრობლემის მოგვარება, რომელიც თან ახლავს ოლიმპიადისთვის მზადებისა და მონაწილეობის რთულ პროცესს. მთელი ოლიმპიური კომიტეტი ლამის 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა საორგანიზაციო პროცესში ყურადღების მიღმა არ დარჩეს არც ერთი, თუნდაც წვრილმანი საკითხი. შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და იმედი გვაქვს, ბოლომდე ასე იქნება.
- ჩვენმა ქვეყანამ ოლიმპიურ ციკლში მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ქართულ სპორტში. ჩვენს საზოგადოებას, სპორტის გულშემატკივარს საფუძვლიანი მოლოდინი აქვს იმისა, რომ შესაბამის უკუგებას მიიღებს, ანუ რიოში ნაჩვენები შედეგები სახელმწიფოს მხარდაჭერის ადეკვატური იქნება...
- მართალია, წამყვან სპორტულ ქვეყნებს ჯერ ვერ გავუტოლდებით, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ქართული სპორტის დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება და დღეს სპორტის ზოგიერთი სახეობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმაზე მეტ სახსრებს ღებულობს, ვინემ 15-20 წლის წინ მთლიანად ქართული სპორტის განვითარებას ხმარდებოდა. იმედია, ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
მთელი ამ ოთხწლიანი ციკლის პერიოდში ოლიმპიურ გუნდებს, ცალკეულ წამყვან სპორტსმენებს, მათს მწვრთნელებს ყველა პირობა ჰქონდათ იმისთვის, რომ შეუფერხებლად და სრულფასოვნად გაევლოთ ოლიმპიადისთვის მზადების ცალკეული ეტაპი. დარწმუნებული ვარ, თითოეულ ჩვენს ოლიმპიელს გაცნობიერებული აქვს თავისი დიდი პასუხისმგებლობა, რაც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას და იქ თავდადებულ გამოსვლას უკავშირდება. ისინი რიოში წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს. ისინი გამოდიან საქართველოს სახელით და ეს ხდება მთელი მსოფლიოს თვალწინ, მილიარდიანი აუდიტორიის წინაშე. ამიტომაც არის, რომ ნებისმიერ დიდ სპორტულ გამარჯვებას, განსაკუთრებით კი ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებულს, ჩვენი საზოგადოება, ქვეყნისა და სპორტის გულშემატკივარი პირად გამარჯვებად აღიქვამს, საკუთარ მიღწევასთან აიგივებს. ოლიმპიელობა მართლაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, ამავე დროს არის დიდი შრომის და ბძოლის ფასად მოპოვებული ერთგვარი პრივილეგია და შესაძლებლობა, ასახელო საკუთარი თავი და ქვეყანა, სიხარული მოჰგვარო მილიონობით შენს თანამემამულეს.
- თქვენ საქართველოს დელეგაციის ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი იქნებით რიოში. საერთოდ, როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობა და კომპეტენცია ჩვენი დელეგაციის თავკაცთა და არა მხოლოდ მათ, სხვა მიმართულებათა მენეჯერებს შორის?
- ჩვენ გვყავს მცირერიცხოვანი, მაგრამ მობილური და პროფესიონალური ჯგუფი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი საოლიმპიადო გამოცდილება. სტაფის ცალკეული წევრის მოვალეობები განსაზღვრულია სწორედ გამოცდილებისა და კომპეტენციის გათვალისწინებით. რიოში ჩასვლის მომენტიდან, თამაშების მიმდინარეობის პერიოდში, ჩვენი დელეგაციის თითოეული წევრი მობილიზებული იქნება საიმისოდ, რომ უკვე ადგილზე, საორგანიზაციო კომიტეტთან, საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ოპერატიულად მოაგვაროს ყველა ტექნიკური თუ სხვა სახის პრობლება.
- ბოლოდროინდელ დოპინგ-სკანდალებს თუ გავითვალისწინებთ, უეჭველია, რიოში უმკაცრესი სადოპინგო კონტროლი იქნება. იმედია, ეს კარგად იციან ჩვენი ოლიმპიური დელეგაციის შესაბამისმა სამსახურებმა...
- ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ინიციატივით, პრევენციის მიზნით და საქართველოს ეროვნული ანტისადოპინგო სამსახურის მეშვეობით თოთოეულ ჩვენს ოლიმპიელს უკვე ჩაუტარდა დოპინგ-კონტროლი, რაც პირველად ხდება საქართველოში. რაც შეეხება უშუალოდ ოლიმპიურ თამაშებს, იქ მოქმედებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ დადგენილი წესები. ამ წესების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, ოლიმპიელთა ტესტირება მოხდება წინასწარ გაუფრთხილებლად, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. რიოს თამაშებში მონაწილე თითოეული სპორტსმენი ვალდებულია იმოქმედოს დოპინგ-ოფიცრების მითითების შესაბამისად. აქვე გეტყვით, რომ ჩვენს დელეგაციაში ჩართულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმის, პროფესორ ზურაბ კახაბრიშვილის ხელმძღვანელობით.
- თადარიგის დასაჭერად და ვითარებაში გასარკვევად თქვენ და თქვენს თანაშემწეებს სხვებზე ადრე მოგიწევთ რიოს ოლიმპიურ სოფელში ჩასვლა...
- პირველი ექვსკაციანი ჯგუფის წევრები 24 ივლისს მივემგზავრებით. ორ დღეში გამოფრინდება სპორტსმენთა ძირითადი ნაწილი, რათა სრულფასოვნად გაიარონ აკლიმატიზაციიის პროცესი, ადგილობრივ პირობებთან ადაპტირება. მათ შორის იქნებიან სპორტის 9 სახეობის წარმომადგენლები. ესენია: ძიუდო, მშვილდოსნობა, ძალოსნობა, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ფარიკაობა, ბატუტზე ხტომა, მხატვრული ტანვარჯიში და ცურვა. 2 აგვისტოს გაიმართება პირველი მნიშვნელოვანი ცერემონია _ ოლიმპიურ სოფელში აღიმართება საქართველოს სახელმწიფიო დროშა. 4 აგვისტოს შემოგვიერთდებიან ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები, ძალოსანთა ნაწილი და ერთი ჩოგბურთელი. იმავე დღეს მოფრინავენ ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელები, 8 აგვისტოს გაემგზავრება თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრები. ოლიმპიადის საზეიმო გახსნა, როგორც იცით, 5 აგვისტოს შედგება და ჩვენს დელეგაციას საქართველოს დროშით წინ გაუძღვება სახელოვანი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი. ამ ცერემონიას, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერთან ერთად, მარაკანას ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
- ამ ყველაფერს წინ უძღვის ოლიმპიური ფიცის დადებისა და დელეგაციის გაცილების ტრადიციული ცერემონია...
- ეს ცერემონია 23 ივლისს დიღომში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე გაიმართება და 10 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტრანსლაციას გეგმავს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში რიოს ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის ლიცენზის მფლობელი და ჩვენი პარტნიორია. ოლიმპიურ პარკში შეიკრიბებიან ჩვენი ლიცენზიანტები, დეგეგაციის სხვა წევრები, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სპორტის გულშემატკივრები. ფიცის ტექსტს წაიკითხავს საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენი, თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. იმავე დღეს ჩვენს ოლიმპიელებს უმასპინძლებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. უფრო ადრე, სავარაუდოდ 21 ივლისს სეოკ-ის შტაბ-ბინაში გაიმართება საგანგებო პრეს-კონფერენცია, რომელიც, ცხადია, რიოს თამაშებს მიეძღვნება.