სოჭი 2014
25 თებერვალი 2014
XXII ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2014, 7-23 თებერვალი. სოჭი, რუსეთი
სხვა კანდიდატები:
- პიონჩანგი
- ზალცბურგი
სპორტის სახეობათა რაოდენობა: 7
მედლების კომპლექტი: 98
მონაწილეობდა 88 ქვეყნის 2873 სპორტსმენი (მათ შორის 1159 ქალი)
თამაშები გახსნა: ვლადიმერ პუტინი - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი
ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშები პირველი ასეთი მასშტაბის ღონისძიება იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მის ყოფილ ტერიტორიაზე - რუსეთში ჩატარდა. 2014 წლის ზამთრის თამაშების მასპინძელი შავიზღვისპირა სოჭი აღმოჩნდა. ამ თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა საქართველოსთვის. პირველად ქართული სპორტის ისტორიაში ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ბრძოლაში ბორჯომი-2014-ის სახით საქართველოც ჩაება. დასკვნით წრეში სოჭის, პიონჩანგის და ზალცბურგის განაცხადები გავიდა, ბორჯომი მის მიღმა დარჩა.
სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე ძვირი გამოდგა. გათვალისწინებული 12-მილიარდიანი ბიუჯეტი 51 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ორგანიზატორები დახარჯულ თანხებს ნულიდან დაწყებული ინფრასტრუქტურის მოწყობას მიაწერდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთები, რომლებიც კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებდნენ.
ეს იყო თამაშები, როდესაც ოლიმპიურმა ჩირაღდანმა კოსმოსში პირველად იმოგზაურა.
თამაშები რეკორდული იყო როგორც მონაწილე ქვეყნების, ისე სპორტსმენთა რაოდენობით და გასათამაშებელი მედლების კომპლექტითაც.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად მონაწილეობდნენ დომინიკის, მალტის, პარაგვაის, აღმოსავლეთ ტიმორის, ტოგოს, ტონგასა და ზიმბაბვეს დელეგაციები.
თამაშებს არაერთი გმირი ჰყავდა. მათ შორის პირველ ყოვლისა აღსანიშნავია, „ბიატლონის მეფედ" შერაცხული ნორვეგიელი ულე ეინარ ბიორნდალენი, რომელიც 10 კმ სპრინტსა და სადებიუტო დისციპლინაში - შერეულ ესტაფეტაში იყო საუკეთესო. რვამდე გაზრდილი ოქროს მედლებით ბიორნდალენმა ბარის თხილამურებში თანამემამულე ბიორნ დელის ამგვარი რეკორდი გაიმეორა, ჯილდოთა საერთო კოლექციით (13) კი დელის შედეგი ერთი ბრინჯაოს ნადავლით გააუმჯობესა. მსგავსი შედეგისთვის ზამთრის ოლიმპიადებზე მანამდე არავის არცერთ სახეობაში არ მიუღწევია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინდივიდუალურ დისციპლინებში ბიორნდალენი ზამთრის ოლიმპიადების ყველაზე ასაკოვანი (40) ჩემპიონიც გახდა.
ქალი ბიატლონისტებიდან თავი გამოიჩინა ბელორუსმა დარია დომრაჩევამა. ის ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც სამივე ინდივიდუალურ დისციპლინაში ჩემპიონი გახდა. ამ მიღწევისთვის დომრაჩევას „ბელორუსიის გმირის" წოდება კი მიანიჭეს.
2014 წლის ოლიმპიადაზე მხოლოდ სამი სპორტსმენი იყო ისეთი, ვინც სამგზის იზეიმა ჩემპიონობა. მათ შორის ერთი ნორვეგიელი მარიტ ბიორგენია, რომელმაც ბარის თხილამურობაში ვანკუვერის ოლიმპიადის შედეგი გაიმეორა. ნორვეგიელმა სოჭში მიღწეული წარმატებებით დიდი ნაბიჯი გადადგა იმ რეკორდისკენ, რომელიც შემდეგ თამაშებზე გააუმჯობესა.
ციგურებით რბენაში ჰოლანდიელებმა მეტოქეებზე აშკარა უპირატესობით გაიმარჯვეს. მათ მედლების 12 კომპლექტიდან 8 ოქროს, 7 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს ჯილდო დაისაკუთრეს. ამასთან, ჰოლანდიელებმა ვაჟთა სამ და ქალთა ერთ დისციპლინაში საპრიზო სამეულები სრულიად შეავსეს. მათ შორის იყო ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ირენ ვიუსტი, რომელმაც ორი პირველი და სამი მეორე ადგილით სოჭში ყველაზე მეტი მედალიც მოიპოვა. ამასთან, ირენი თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში მოპოვებული 11 ოლიმპიური მედლით რეკორდსმენი გახდა როგორც ვაჟებში, ისე ქალებში (2018 წლის გათვალისწინებით). სააგენტო „როიტერმა" ირენ ვიუსტი 2014 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად დაასახელა.
აღსანიშნავია იტალიელი მოციგავის, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის არმინ ცოგელერის მიღწევაც. იტალიელმა სოჭის საციგაო ტრასაზე მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ მეექვსე თამაშებზე მოიპოვა მედალი.
მნიშვნელოვანი იყო ტრამპლინიდან ხტომაში იაპონელი ნორიაკი კასაის მიერ მოპოვებული ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოებიც. აქ ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ იაპონელმა პირველი ოლიმპიური მედალი (ვერცხლი) ოცი წლით ადრე ლილეჰამერში დაიმსახურა, ეს კი მოპოვებულ მედლებს შორის სარეკორდო ინტერვალია. მსგავსი რამ ისტორიაში მხოლოდ ორჯერ მოხდა და ორივეჯერ 1948 წლის თამაშებისას.
სოჭში ტრამპლინიდან ხტომაში დებიუტი ჰქონდათ ქალებს, პირველი ჩემპიონი კი გერმანელი კარინა ფოგტი აღმოჩნდა.
ერთბაშად ორი ჩემპიონი გამოვლინდა სამთო მოთხილამურეთა შორის. ქალთა სწრაფდაშვებაში ოქროები გაიყვეს სლოვენიელმა ტინა მაზემ და შვეიცარიელმა დომინიკა გიზინმა.
100-ქულიანი ზღვარი პირველად გადაილახა ფიგურულ ციგურაობაში. იაპონელმა იუძურუ ჰანიუმ მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 101.45 ქულა დაიმსახურა, მერე კი ვაჟებში სპორტის ამ სახეობის პირველი იაპონელი და აზიელი ჩემპიონიც გახდა. ასევე პირველად მედლები გათამაშდა გუნდურ პირველობაში, სადაც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.
კანადელებმა დუბლი შეასრულეს ჰოკეიში, ჩემპიონები გახდნენ როგორც ვაჟებში, ისე ქალებში. ამასთან, ქალებმა ამას ზედიზედ მეოთხე ოლიმპიადაზე მიაღწიეს.
სოჭის 2014 წლის თამაშები ისტორიაში რუს სპორტსმენთა დოპინგ სკანდალებითაც შევიდა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ მიღებულ სანქციებზე.
საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები
1. იასონ აბრამაშვილი - სამთო სათხილამურო სპორტი , სლალომი - გამოეთიშა, გიგანტური სლალომი - 23 ადგილი
2. ალექს ბენიაიძე - სამთო სათხილამურო სპორტი , სლალომი - გამოეთიშა, გიგანტური სლალომი - გამოეთიშა
3. ნინო წიკლაური - სამთო სათხილამურო სპორტი , სლალომი - 49 ადგილი, გიგანტური სლალუმი - გამოეთიშა
4. ელენე გედევანიშვილი - ფიგურული ციგურაობა - 19 ადგილი