მინსკი 2019-ის დროის ათვლა „დინამოს" განახლებულ სტადიონზე დაიწყო

გაისად მინსკში, ევროპის მეორე თამაშებში 50 ქვეყნის 4 ათასზე მეტი სპორტსმენი 15 სახეობაში გაითამაშებს მედლებს. აქედან 10 სახეობას 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო დატვირთვა ექნება.
მულტისპორტულ ღონისძიებამდე ერთი წლით ადრე ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკის „დინამოს" განახლებულ სტადიონზე დროის ამთვლელი საათი აამოქმედა. საზეიმო ღონისძიებას, რომელიც სხვადასხვა სახეობაში საჩვენებელი ასპარეზობებით იყო გაჯერებული, მინსკში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) საკოორდინაციო კომისიის წევრებიც დაესწრნენ.
EOC მინსკი-2019-ის ორგანიზატორებთან მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ შემუშავებული „დღის წესრიგი 2020"-ის მიხედვით, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ოლიმპიური შეჯიბრებების ხარჯების შემცირება.
მინსკი-2019-ი ძირითადად უკვე არსებულ სპორტულ ნაგებობებზე ჩატარდება. ერთადერთია პლაჟის ფეხბურთის არენა, რომელიც ამ შეჯიბრებისთვის აიგო, რამდენიმე ნაგებობა კი განახლდა.