სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი კარატეში ევროპის კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრო

09 თებერვალი 2024

9 თებერვალს „თბილისი არენაზე" გაიხსნა ევროპის ჩემპიონატი კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის, რომელშიც მონაწილეობას იღებს  49 ქვეყნის 1160 სპორტსმენი.

საქართველოს ნაკრები 26 სპორტსმენითაა წარმოდგენილი,  ათმა სპორტსმენმა  შეჯიბრების პირველ დღეს იასპარეზა.
წარმატებით გამოვიდნენ ნიკოლოზ აბულაძე და გიგი ალანია.

11 თებერვალს, ფინალების დღეს, ნიკოლოზ აბულაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, გიგი ალანია - ოქროსთვის. პირველის მეტოქე მონტენეგროელი ანეს არიფაჟი იქნება, მეორის - უკრაინელი მაქსიმ ვიეჩკანოვი.

9 თებერვალს გაიმართა გახსნის საზეიმო  ცერემონია, სადაც სიტყვით გამოვიდნენ  საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, კარატეს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ანტონიო ესპინოსი და სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გიგნაძე.

ანსამბლ „ერისიონის" ეფექტური ნომრების შემდეგ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევროპული  თამაშების ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი და ოლიმპიური თამაშების მეხუთეადგილოსანი გოგიტა არქანია სპორტიდან საზეიმოდ გააცილეს.

ღონისძიებას დაესწრნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.