124 წლის შემდეგ, ისტორია კვლავაც პარიზში დაიწერება

08 მარტი 2024

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მონაპოვართა შორის მნიშვნელოვანი ადგილს იკავებს გენდერული თანასწორობა - პირველად ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში პარიზის ოლიმპიური თამაშები ქალი და კაცი სპორტსმენების თანაბარ რაოდენობას უმასპინძლებს.

გენდერული თანასწორობისადმი IOC-ის სწრაფვა ოლიმპიურ თამაშებზე ქალი სპორტსმენების სტაბილურ ზრდაში აისახა. პარიზი-1900-ის 2,2 პროცენტიდან, სადაც ქალმა სპორტსმენებმა ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზეს, ტოკიოს 2020-ის 48 პროცენტამდე, მნიშვნელოვანი წინსვლაა.

პარიზი-1900 ისტორიული იყო. 124 წლის შემდეგ, XXXIII ოლიმპიური თამაშების მასპინძლობით, ისტორია კვლავაც პარიზში დაიწერება. ისტორიას მხოლოდ ორი შემთხვევა ახსოვს, როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა: 1904 წლის სენტ ლუისის თამაშებზე, სადაც ქალ სპორტსმენთა რაოდენობაც 0,9 პროცენტამდე შემცირდა და ბერლინის 1936 წლის თამაშებზე, სადაც ქალ მონაწილეთა რიცხვი 8,4 პროცენტი იყო.

„ოლიმპიურ თამაშებზე და მთლიანობაში სპორტში ქალთა მონაწილეობის გათვალისწინებით, ვაპირებთ აღვნიშნოთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი, - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა. - მოუთმენლად ველოდებით პარიზის თამაშებს, სადაც ვიხილავთ ოლიმპიური მოძრაობის დიდი ძალისხმევის შედეგებს. ასეთია ჩვენი წვლილი გენდერულად თანაბარი სამყაროს მშენებლობაში."

პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშების პროგრამა გენდერულად ბევრად დაბალანსებულია: სპორტის 32 სახეობიდან 28-ში სრული გენდერული თანასწორობაა მიღწეული. სამართლიანად არის განაწილებული მედლებიც - მედლების 152 კომპლექტს ქალები გაითამაშებენ, 157-ს - კაცები, 20-ს კი შერეული წყვილები თუ გუნდები.

 „გენდერული თანასწორობის გასავითარებლად ჩვენი ერთგულება პარიზში არ სრულდება. გავაგრძელებთ გზის გაკაფვას ქალებისთვის. ვიმუშავებთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან. IOC ბევრად თანასწორი საზოგადოების მშენებლობისთვის გამოიყენებს სპორტის ძალას," - დასძენს თომას ბახი.