პარიზი-2024-ის გახსნის ცერემონიაზე დელეგაციათა აღლუმს 326 ათასი ბილეთიანი მაყურებელი მიადევნებს თვალ-ყურს

11 მარტი 2024

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალ დარმანიმ პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გაახმოვანა. მისი თქმით, მდინარე სენაზე თამაშების გახსნის ცერემონიისთვის გაიყიდება ან გავრცელდება არა 700 ან 600 ათასი ბილეთი, არამედ 326 ათასი.

ირკვევა, რომ პარიზი-2024-ის ორგანიზატორები თავდაპირველ ჩანაფიქრზე უარს ამბობენ. კერძოდ, შეიცვალა შემუშავებული გეგმა, რომლის მიხედვითაც აღლუმის თვითმხილველთა დაახლოებითი რაოდენობა 2 მილიონიდან გონივრულ ციფრებამდე - დაახლოებით 600 ათასამდე დავიდა. რაოდენობის მკვეთრად შემცირებაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უსაფრთხოების სამსახურების პოზიციამ, რომლებსაც ასეთი მასშტაბის ღონისძიებებზე ტერაქტების მომატებული საფრთხე აშინებთ.

მიუხედავად ამგვარი შეზღუდვისა, პარიზი-2024-ის გახსნის ცერემონია თავისებურ რეკორდს მაინც დაამყარებს - დამსწრეთა რაოდენობა ოთხჯერ მეტი იქნება უმაღლესი დონის საერთაშორისო სტადიონის ტევადობაზე. თუ აქამდე გახსნის ცერემონიები მთავარ მძლეოსნურ სტადიონებზე ტარდებოდა, რომელსაც ოლიმპიურ სტადიონებად მოვიხსენიებთ, პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშების გახსნა პირველად ჩატარდება სტადიონს მიღმა.

„ქვედა ტერასაზე შეძენილი ბილეთების მქონე 104 ათასი მაყურებელი გვეყოლება, ზედა ტრიბუნაზე კი უფასო ბილეთების მქონე 222 ათასი ადამიანი განთავსდება," - განმარტავს დარმანი.

მინისტრი ასევე დასძენს, რომ 26 ივლისს, ღია ცის ქვეშ, მდინარე სენას გასწვრივ გახსნის ცერემონიას მიმდებარე შენობებიდან დაახლოებით 200 ათასი ადამიანი იხილავს. გახსნის ცერემონიას დამატებით 50 ათასი მაყურებელი ეყოლება პარიზის ფან-ზონებიდან. მაყურებელთა რაოდენობის ზუსტად განსაზღვრა რთულია, მაგრამ მათი რიცხვი მთლიანობაში ბილეთიანი მაყურებლის, სტუმრების და შენობებზე მოთავსებული ადამიანების გათვალისწინებით,  500-დან 600 ათასამდე იქნება.

XXXIII ოლიმპიური თამაშების მასპინძელთა სცენარი არსებითად განსხვავებულია წინამორბედებისგან.  გახსნა ღია ცის ქვეშ,  მდინარეზე ჩატარდება, რომლის არხშიც 180 ნავი დაახლოებით 6 კილომეტრს გაცურავს. მათ შორის 94 ნავი სპორტსმენებისთვის იქნება განკუთვნილი.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, ირკვევა, რომ რისკების შესამცირებლად საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურების მეშვეობით დაახლოებით მილიონი ადამიანი გაივლის სკანირებას. მათ შორის ათლეტები, ჟურნალისტები, პირადი მცველებიც და ისინიც, ვინც საკვანძო ინფრასტრუქტურასთან ცხოვრობენ.