გიორგი ჯაბნიაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ავსტრიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ავსტრიის გრან პრის დასკვნით დღეს ორი მედალი მოიპოვა. კვარცხლბეკზე ავიდნენ გიორგი ჯაბნიაშვილი და გურამ თუშიშვილი.
ჯაბნიაშვილმა (90 კგ) დაამარცხა უნგრეთის, გერმანიის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების და ბრაზილიის წარმომადგენელი, მაგრამ ნახევარფინალში კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესთან დამარცხდა და რეპეშაჟში გააგრძელა გამოსვლა. ჯაბნიაშვილი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გამოცდილ უნგრელს, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს, მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელ კრისტიან ტოტს დაუპირისპირდა და ვაზარით დაამარცხა.
ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატების ოქროს, ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედლის მფლობელმა და ევროპული თამაშების ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა.
ქართველმა მძიმეწონოსანმა მოუგო გვინეა ბისაუს, ყაზახეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს, მაგრამ დამარცხდა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ჩეხ ლუკას კრპალეკთან (ვისთანაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში წააგო) და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა გააგრძელა. თუშიშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ისრაელელ ევგენი შმახილინს ორი ვაზარით მოუგო.