საქართველოს ოლიმპიური გუნდი პირველი მედლის მოლოდინშია
პარიზის ოლიმპიური თამაშების მესამე საშეჯიბრო დღე წარუმატებლად დაიწყო ლაშა შავდათუაშვილისთვის (-73 კგ) - ძიუდოისტთა ნაკრების ყველაზე ტიტულიანი წარმომადგენლისთვის. ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელს პირველივე წრეში მასპინძელ ჟოან ბენჟამინ გაბასთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა. ნაცნობ მეტოქესთან, რომელმაც წლეულს ევროპის შერეული გუნდური პირველობის ფინალში შავდათუაშვილს მოუგო.
იგივე განმეორდა პარიზის ოლიმპიურ ტატამზეც. ამჯერად მათი დაპირისპირება ოქროს ქულამდე გაგრძელდა და ქართველის სამი გაფრთხილების შემდეგ, გამარჯვება ფრანგს დარჩა.
29 ივლისს ძიუდოისტთა ტურნირში ჩაერთო ქალთა ნაკრების ლიდერი ეთერ ლიპარტელიანიც (-57კგ). მან პირველი წრე წარმატებით გაიარა - ორი ვაზარით დაამარცხა ბრიტანელი ლელე ნაირნი და მერვედფინალში გავიდა, სადაც ურთიერთობის გარკვევა მოუწია უზბეკ შუხურჯან ამინოვასთან. ქართველმა აქაც ვაზარით გაიმარჯვა, მაგრამ არ გაუმართლა შემდეგ წრეში: ოლიმპიურ ჩემპიონთან, ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან ორი ვაზარით დამარცხდა.
ლიპარტელიანს მდგომარეობის გამოსასწორებლად რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მიეცა. აქ ქართველს მეტოქეობა გაუწია მონღოლეთის წარმომადგენელმა ენხრილენ ლხაგვატოგოომ. ქართველისთვის ბრინჯაოს ნახევარფინალი შედეგიანი გამოდგა - შეხვედრის დებიუტშივე მონღოლ მეტოქესთან წმინდა გამარჯვება მოიპოვა და ბრინჯაოს მედლის ფინალში გავიდა.
სამწუხაროდ, გადამწყვეტ შეხვედრაში ევროპის ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ქართველი ძიუდოისტი მასპინძელ სარა ცისკიესთან იპონით დამარცხდა და ისევე როგორც ტოკიოს თამაშებზე, პარიზშიც მეხუთე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ სარბიელზე ლიპარტელიანის ეს შედეგი ქალთა ძიუდოსთვის, ჯერჯერობით, საუკეთესოა.
დღე შედეგიანად დააგვირგვინა მოკრივეთა ნაკრების ლიდერმა ლაშა გურულმა (63.5 კგ). მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს, ევროპის პირველობების ორი ვერცხლის და ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანი მისთვის სადებიუტო რინგზე გამოსვლას მერვედფინალიდან შეუდგა და წარმატებითაც. ქართველმა მოკრივემ ქულებით - 5-0 დაამარცხა აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი და მეოთხედფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.
30 ივლისს სტარტზე გავლენ ძიუდოისტები - ეთერ ასკილაშვილი (-63 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ).