საქართველოს მოჭიდავეთა წარუმატებლობა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე

08 აგვისტო 2024

პარიზის ოლიმპიური თამაშების მე-13 საშეჯიბრო დღეს სარბიელზე გავიდნენ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე (87 კგ) და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წარმომადგენელი ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ).

ლაშა გობაძემ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა რეპეშაჟის ნახევარფინალურ შეხვედრაში განაახლა. ქართველ ფალავანს ბრინჯაოს ნახევარფინალში მეტოქედ ჰყავდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი და ევროპის ჩემპიონი დანიიდან, ტურპალ ბისულტანოვი. სამწუხაროდ, გობაძე 0-6 დამარცხდა და ოლიმპიურ თამაშებს დაემშვიდობა. ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ორთაბრძოლებს რამაზ ზოიძე (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ). საბოლოოდ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიური თამაშები უშედეგოდ დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ატლანტის ოლიმპიურ თამაშების (1996) შემდეგ უმედლოდ არ დარჩენილა.

ოლიმპიური დებიუტი წარუმატებელი გამოდგა ვლადიმერ გამყრელიძისთვის. თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის და ევროპის პირველობის ბრინჯაოს მედალოსანი მისთვის სადებიუტო თამაშებში მერვედფინალიდან ჩაერთო. პირველ შეხვედრაში ორთაბრძოლა მოუწია უზბეკეთის წარმომადგენელ ჯავრაილ შაპიევთან. სამწუხაროდ, გამყრელიძე დამარცხდა და დამოკიდებული გახდა მეტოქის შედეგზე. ქართველ ფალავანს არც აქ გაუმართლა - უზბეკი მოჭიდავე მეოთხედფინალში დამარცხდა, გამყრელიძე კი ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.

9 აგვისტოს მისთვის მესამე ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლას შეუდგება ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ამავე რანგის ასპარეზობათა ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედლის, ევროპის ჩემპიონატების ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ასევე ევროპული თამაშების მესამე ადგილოსანი გენო პეტრიაშვილი.