ინა და გიორგი ქალდანები პარიზის პარალიმპური თამაშების მედალოსნები არიან

06 სექტემბერი 2024

პარიზის XVII პარალიმპური თამაშების მეცხრე საშეჯიბრო დღე ორმაგად შედეგიანი გამოდგა. მოპოვებულია ორი მედალი, ორივე პარა ძიუდოში და ორივე ცოლ-ქმრის - ინა და გიორგი ქალდანების დამსახურებით.

გიორგი ქალდანი (J2 კატეგორია - -73 კგ) ასპარეზობაში მეოთხედფინალიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში წმინდა გამარჯვება მოიპოვა რუმინელ დანიელ ვარგოშკისთან, ასევე წმინდა გამარჯვება მოიპოვა ტოკიოს პარალიმპური თამაშების ჩემპიონ უზბეკ უჩკუნ კურანბაევთან. ქართველი პარა ძიუდოისტი გადამწყვეტ შეხვედრაში ტოკიოს პარალიმპური თამაშების ბრინჯაოს მედალოსან იაპონელ იუჯირო სეტოს შეხვდა, მაგრამ სამწუხაროდ, იპონით დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

ასევე მედლამდე გაიკვალა გზა გიორგი ქალდანის მეუღლემ, ტოკიოს პარალიმპური თამაშების ვერცხლის მედალოსანმა ინა ქალდანმა (J2 კატეგორია - -70 კგ)

მომავალი პრიზიორი შეჯიბრში მეოთხედფინალიდან ჩაება. იპონით დაამარცხა ბრაზილიელი კელი ვიქტორიო, მაგრამ ნახევარფინალში იპონით დამარცხდა ჩინელ იუ ვანგთან და რეპეშაჟში გააგრძელა ბრძოლა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ინა ქალდანმა ოქროს ქულამდე გაგრძელებულ შეხვედრაში ვაზარით მოუგო ყაზახ აიალა მერეკეს და ზედიზედ მეორედ გახდა პარალიმპური თამაშების მედალოსანი.

პარიზის პარალიმპური თამაშების პირველ დღეს პარა ტაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ანა ჯაფარიძემ, მესამე საშეჯიბრო დღეს ბირთვის კვრაში ჩემპიონობა იზეიმა გიგა ოჩხიკიძემ, მეექვსე საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს დაეუფლა ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი, მეშვიდე დღეს ვერცხლის მედლით დაასრულა ასპარეზობა ტყვიის მსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, ხოლო მერვე დღეს ვერცხლის მედლით დაასრულა ასპარეზობა პარა ძიუდოისტმა ზურაბ ზურაბიანმა.