სეოკ-ის გენერალურ მდივანს ემზარ ზენაიშვილს 80 წელი შეუსრულდა

10 სექტემბერი 2024

ქართული სპორტის გამორჩეულ ფუნქციონერს, ჩვენს ქვეყანაში ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთ ფუძემდებელს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს ემზარ ზენაიშვილს დღეს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გულითადად  ულოცავს ბატონ ემზარს საიუბილეო თარიღს და უსურვებს ჯანმრთელობას და კიდევ მრავალი წელი აქტიურ მოღვაწეობას  ჩვეული მხნეობით და შემართებით ოლიმპიზმის და ქართული სპორტის  საკეთილდღეოდ.

დიდია ბატონი ემზარის წვლილი და დამსახურება ქართული სპორტის წინაშე. სამეცნიერო სფეროსა და სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილებით ჩადგა ქართული სპორტის სამსახურში. 1989 წელს, სეოკის შექმნის თანამოაზრეების მცირე ჯგუფს ერთ-ერთი პირველი  შეუერთდა და იმ დღიდან მოყოლებული, აგერ უკვე 35 წელიწადი გავიდა რაც  ერთი დღეც არ უცხოვრია საქართველოში ოლიმპიზმის განვითარება-წინსვლაზე ზრუნვის გარეშე. ამასთან, თავი გამოიჩინა  სპორტულ  ჟურნალისტიკაში და, რაც მთავარია, საინტერტერსო  წიგნებით გაამდიდრა ქართული სპორტული ბიბლიოთეკა.

მისი გამოცდილება და უნიკალური ორგანიზატორული უნარი დიდად წაადგა ახალშექმნილ სეოკ-ს სწრაფად გამართულიყო წელში, ტემპის შეუნელებლად მოეპოვებინა საერთაშორისო აღიარება, ღირსეულად  დაემკვიდრებინა ადგილი მსოფლიო ოლიმპიურ ოჯახში. როგორც სეოკ-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მუდამ დგას დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიელების გვერდით ზაფხულისა და  ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, სეოკ-ს წარმოადგენს   საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიებსა და კონგრესებზე.

ჩვენი საზოგადოება და სპორტული სამყარო ბატონ ემზარს დიდად აფასებს და ჯეროვან პატივს მიაგებს, როგორც პროფესიონალ და  გულისხმიერ პიროვნებას.