ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრე ანპილოგოვი სტუმრად სეოკ-ში

08 ოქტომბერი 2024

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ოჯახთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა ხელბურთში ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრე ანპილოგოვი. სტუმრებს ოლიმპიურ მუზეუმში უმასპინძლა სეოკ-ის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა  ლერი ხაბელოვმა.

შეხვედრას  ესწრებოდნენ სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ზურაბ კაკაბაძე.

ოლიმპიურმა ჩემპიონებმა - ლერი ხაბელოვმა და ალექსანდრე ანპილოგოვმა ისაუბრეს ქართული სპორტის და ოლიმპიზმის წარსულსა და დღევანდელობაზე, საქართველოს სპორტსმენების მნიშვნელოვან გამარჯვევბებზე მსოფლიოს ასპარეზზე.

სეოკ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ოლიმპიურ ჩემპიონს სტუმრობისთვის და გადასცა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, რომლითაც  ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები 2018 წელს, პირველი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით  დაჯილდოვდნენ (ალექსანდრე ანპილოგოვი საზღვარგარეთ ცხოვრობს და კუთვინილი ჯილდო ახლა გადაეცა).

ალექსანდრე ანპიოლოგოვი - ხელბურთელი. თამაშობდა თბილისის "ბურევესტნიკში" (1970-85) და გერმანიის "ლანდცხუტში" (1987-92), მონრეალის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1976 - ითამაშა 6 მატჩი, გაიტანა 13 გოლი), მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (1980 - ითამაშა 6 მატჩი, გაიტანა 29 გოლი), მსოფლიოს ჩემპიონი (1982), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978), სსრკ თასის მფლობელი (1978), 1974-84 წლებში სსრკ ნაკრებში ითამაშა 217 მატჩი (572 გოლი), იყო საბერძნეთის ქალთა ნაკრების მწვრთნელი (2000-01), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.