ომარ ფხაკაძის სახელობის მემორიალი

12 ოქტომბერი 2024

დღეს საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის და საბურთალოს რაიონის გამგეობის მხარდაჭერით თბილისში-დიდ-დიღომში გაიმართა ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორის, მსოფლიოს ჩემპიონის და რეკორდსმენის, სახელოვანი ველოსპორტსმენის ომარ ფხაკაძის სახელობის მემორიალური კრიტერიუმი.

ველო რბოლა გაიმართა  გოგონათა და ვაჟთა სხვადსახვა კატეგორიებში. შეჯიბრი მოიცავდა წრიულ რბოლას, რამდენიმე შუალედური ფინიშით, გამარჯვებულები გამოვლინდნენ ჯამურად დაგროვებული ქულებით და დაჯილდოვდნენ სხვადსხვა პრიზებით.

ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ათგზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ვაჟთა კატეგორიაში გამარჯვებული სამეულის დაჯილდოების ცერემონიალში, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გამარჯვებულ პირველ სამეულს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან  გადასცა სამახსოვრო საჩუქრები.

ლეგენდარული ველოსპორტსმენი, ომარ ფხაკაძე გახლდათ მსოფლიოს ჩემპიონი (1965), ვერცხლის  (1969) და ბრინჯაოს პრიზიორი (1966), XX ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი (1972, მიუნხენი), XVIII და XIX ოლიმპიური თამაშების მონაწილე, სსრკ ათგზის ჩემპიონი (1963, 64, 66-73), ორგზის მეორე და მესამე პრიზიორი, სსრკ თასის ოთხგზის მფლობელი (1963-65, 69), გდრ-ის, კოპენჰაგენის, ამსტერდამის, ტულის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული, მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენი, სსრკ და საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1965), სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი (1986-1993წწ.), გადაღებულია ქართულ ფილმში "ხარება და გოგია", რომელშიც ასრულებს ერთ-ერთი მთავარი გმირის - ხარებას როლს. გარდაიცვალა 1993 წელს.

ომარ ფხაკაძის სახელობის მემორიალი, სახელოვანი ველოსპორტსმენის- ომარ ფხაკაძის  დაბადების 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმარათა და დღეიდან ყოველწლიურად ჩატარდება.