23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა არაოლიმპიურ წონებში ორი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტირანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებას არაოლიმპიურ წონებშიც მიაღწია. ოთხიდან ორ წონაში მოპოვებულია მედლები.
საქართველოს ნაკრებიდან შედეგიანად იასპარეზა ოთარ აბულაძემ (72 კგ). ქართველმა ფალავანმა ოქროს მედლის მოპოვების შანსი მერვედფინალში მომავალ ფინალისტთან, აზერბაიჯანელ ულვი განიზადესთან 1-5 წაგებით დაკარგა, მაგრამ მესამე ადგილისთვის გააგრძელა ასპარეზობა. აბულაძემ რეპეშაჟის ნახევარფინალში ხორვატ დომინიკ ეტლინგერს 7-1 მოუგო, მედლისთვის შეხვედრაში კი ჩინელ ჟი ლენგს 9-5 აჯობა და ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
ასევე მესამე ადგილი დაიკავა გელა ბოლქვაძემ (82 კგ). მომავალმა პრიზიორმა მერვედფინალში ჯერ შვეიცარიელ მეტოქეს მოუგო ბოლოს აღებული ქულის უპირატესობით (1-1), შემდეგ 9-1 გაიმარჯვა ხორვატ მოწინააღმდეგესთან, მაგრამ ნახევარფინალში 0-2 დამარცხდა ირანელ მოჰამადალი გერაეისთან და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა გამოსვლა. ბოლქვაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელი ტაიზო იოშიდას 10-2 მოუგო და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
რამდენიმე დღით ადრე, ოლიმპიურ წონაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ), ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ფრიდონ აბულაძემ (60 კგ), დათა ჩხაიძემ (82 კგ), აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ).